Archive | დეკემბერი 2011

2011 წელი უკვე წარსულში :)

ამ წლის ბოლო დღეები იწურებაა, ჩვეულებრივი მოწყენილობაა და არავითარი საახალწლო განწყობა არ მაქვს, თუმცა ველოდები 2012-ს, ბლოგებზე ვძრომიალობ და თითქმის ყველას აქვს ამ წლის  გარკვეული რეზიუმე , მეც გადავხედე გადმოვხედე განვლილ ერთ წელს, გადავახარისხე მოვლენები და შევაჯამესავით. ხოდა  ვფიქრობ, რომ ეს წელი ჩემთვის იყო ცუდი,  მაგრამ ამვდროულად ვხვდები, რომ ამ წელს  გავიზარდე ყველაზე მეტად, ამ წელს შემეცვალა ბევრ რამეზე აზრი,   ამ წელს ჩამოვაყალიბე ბევრი  შეხედულება, წელს მივხდი, რომ ადამიანი ადამიანისთვის მგელია, კარგად გავაცნობიერე, რომ არავის არ უნდა ენდო, განსაკუთრებით მამაკაცებს  და უნდა ერიდო ადამიანებს, რომლებსაც ბოღმა ახრჩობს.  საბოლოოდ მაინც შემიძლია ვთქვა, რომ ყოველივე ამან გამაძლიერა, როგორც პიროვნება, ბევრი არა მაგრამ ზოგიერთი რამ,  როგორც იტყვიან ,,დავიკიდე”… ეს კარგია:).  დავიწყებ სულ  თავიდან, ახალი წელი დაიწყო კარგად პირველ საათებს ვგულისხმობ:),  თორემ ზუსტად მესამე დღეს აღმოვაჩინე, რომ თურმე  მთლად ჯანმრთელიც არ ვყოფილვარ, შემდეგ  ამ პრობლემის მოგვარება ფაქტობრივად მთელი წელი გაიწელა…სიარული ექიმებთან, ერთთან, ორთთან, სამთთან, ოთხთან…… მერე სამსახურის დამღლელი პროცედურები და ერთფეროვნება, თუმცა იყო კარგი მომენტებიც, რომელიც მახალისებდა და მართობდა , მერე მაგისტრატურის გამაწამებელ ნაშრომზე ტვინის დასხმა და თითების მომტვრევა, (თუ გამომადგება რამეში), მერე ისევ სამსახურის კონკურსები, გაუთვებელი ლოდინი როდის ჩაგსვამენ შტატში, თუმცა მოლოდინი არ გამართლდა, არადა თითქოს  ამის ყველანაირი პირობა არსებობდა, ესეც პირველი იმედგაცრუება, ნუ არაუშავს, იმედი მაინც არ დამიკარგავს,   მერე გაზაფხულდა,  ისვ წამლები მკურნალობები გაუთავებელი კონსულტაციები, მერე მოვიდა ზაფხული ჩემი დაბადების დღე, კარგი იყოო, მერე ოპერაცია, რომლის დროსაც ფასეულობათა გადაფასება მოხდა ჩემს გონებაში, ვინერვიულე და ბევრიც ვანერვიულე, მაგრამ  მადლობა ღმერთს, ყველაფერმა მარტივად და კარგად  ჩაიარა,  ისე მარტივად, რომ ახლა სრულებით კარგად ვარ. მერე ჩემი გადამეტებული ემოციურობა ყველაფრის მიმართ, რომელსაც რატომღაც ,ოპერაციის შემდგომ პერიოდს აბრალებდნენ:), მერე დამთავრდა ჯანმრთელობის პრობლემა და სამსახურიც, ეს უკანასკნელი ძალიან გულსატკენი იყო, რადგან საკმარისად მეტი შრომა ჩავდე და არ დამიფასდა, მაგრამ გადავიტანე.  დავიწყე ფიქრი დასვენებაზე.  ამ პერიოდშივე დავამთავრე მაგისტრატურა, ფრიად წარმატებით, მაგრამ უზომოდ მენანება ჩემი დახარჯული ფული.  ( დამიბრუნეთ !!!) დასვენება იმედიანად დავიწყე,  პირველივე შაბათ-კვირას სასაიმოვნო ვიკენდი მოვიწყვეთ სოფელში, სამმა გოგომ მშვენივრად გავატარეთ ორი დღე, ყველანაირად დავტვირთეთ და ბევრი ვიხალისეთ, ხო ამ პერიოდშივე მომიწია ძველი სასიყვარულო ისტორიის გახსენება, სახალისო ფლირტი,  ნაცნობი დასასრულით, მოკლედ კარგად გავერთე ..    მერე იყო პენსიონერული დასვენება სოფელში და ლუდის სმა ( წელს დავიწყე და მომეწონა კაი სამელი ყოფილა), ყველაფრისგან ისეთი დაღლილი ვიყავი ასეთმა დასვენებამ სულზე მომისწრო. 🙂 მერე ამოვიდა ყელში პენსიონერული დასვენება და გადავედი შედარებით აქტიურ ქმედებებზე,  რასაც მოჰყვა ორი ფაქტობრივად ერთნაირი და ამავედროს სხვანაირი ადამიანის დამოუკიდებელი მოგზაურობა აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ, (ამ დღეს დიდხანს ველოდით ორივე) , რომელიც დღეს კარგი მოგონებაა, თუმცა ბვერი არასასიამოვნო  და ახლა უკვე სასაცილოდ გასახსენებელი მომენტიც იყო,  რომლებსაც საკუთარი სახელებიც დაერქვა ჩვენს მეხსიერებაში 🙂 მაგალითად  ,,დაშვებული საბურავი და ვითომმხიარული სახეები”  უახლოეს ვულკანიზაციამდე:),   ,,ზღვისპირეთის მივლა-მოვლა” ,, შუაღამეს პიჟამოებით ფანჯრიდან გადაძრომის და ქუჩაში ხეტიალის მცდელობა”  🙂  🙂 ,  ,, დილის საოცარი ალაფურშეტი და ორი მშიერი ოპტიმისტი”, ,,გაქცევა შოუშენკიდან”,   “ლუდის სმა და ანალიზი  სირაქლემასთან და კიდევ ერთთან ” ,” რაფაელოს საღამო”, ახლა რომ გამახსენდა ძალიან კარგ ხასიათზე დავდექი, ეჰ მინდა ზაფხული. მერე ისევ თბილისი და თბილისური მოწყენილობა, ხო გასაუბრებები, სივების გაგზავნა გამოგზავნები, რომელიც დღემდე გრძელდება. შემოდგომამ ძალიან მხიარულად ჩაიარა, უამრავი დაბადების დღე, მხიარულება კარგ ხალხთან კარგ გარემოში, რამდენიმე ფლირტი :). მერე მოვიდა ზამთარი ცივი და ნაცრისფერი, არაფრით გამორჩეული, მაგრამ ჩამაფიქრებელი, ხო წელს  როგორც იქნა გავბედე და გავაკეთე ჩემი ბლოგი, მაინც ყოველთვის ვწერდი, და ბარემ აქ დავწერ.   ახლა ველოდები 2012-ს, თუმცა დიდი მოლოდინები არ მაქვს, ასე მირჩევნია, უბრალოდ ვისურვებ  ყველას ბედნიერებას, ფერადოვან სამყაროში გვეცხოვროს, სადაც ვიქნებით ხალისიანები, მომღიმარები, ბედნიერები………… გადავიკითხე  ჩემი ნაწერი და სასიამოვნოდ გამეღიმა , არც ისე ცუდი წელი მქონია , კაცმა რომ თქვას,  ეს უკვე კარგია:))  საბოლოოდ,  ვიტყვი, რომ როგორც ყველაზე გარეწარი ოპტიმისტი, მაინც დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი კარგად, ძალიან კარგად იქნება.

მრავალ ახალ წელს დავესწროთ წარმატებულები და ბედნიერები!!!!

ჩემი ფერადოვნება

მომენატრა ფერადოვანი სამყარო, თბილი მზე და სიმწვანე, მენატრება სივრცე უსაშველოდ გაწოლილი, მენატრება ძველი დროის ზოგიერთი ფრაგმენტი.  თითქოს ფერთა სიმკვეთრე და სიკაშკაშე მაკლია, ამიტომ გამოვჩხრიკე მეგობრის ნაჩუქარი ყველაზე ფერადოვანი  წიგნი   და   ისევ ჩავეფალი შთამბეჭდავ იმპრესიონიზმში.

თითოეული ამ მიმდინარეობის შედევრი მიქმნის რეალობის პირადი ინტერპრეტაციის საშუალებას.  ფერთა გამა სულს მიმშვიდებს და ღრმად მაფიქრებს, სხვადასხვა ოცნებებს მიღვიძებს. ყველაზე მეტად მომწონს ის, რომ,  რაც ასახულია არის აბსოლუტურად რეალური და ამავდროულად   არაიდეალური.  თითოეული კონტური იძლევა საშუალებას შენებურად დაინახო და აღიქვა კომპოზიცია. ბუნების ცვალებადობის წამიერი ასახვა იმის დასტურია, რომ ყველაფერი წარმავალია, თუმცა თითოეული ნახატი თითქოს დროს აჩერებს.  ცოტა ფანტაზიაც და შესაძლოა დროში იმოგზაურო ვუყურებ  ზოგიერთ მათგანს და ვხვდები, რომ იქ ვარ 19 საუკუნეში,  პარიზში უგზო-უკვლოდ დავეხეტები, სხვადასხვა მდიდრულ სალონებს ვსტუმრობ,  ვათვალიერებ გამოფენებს, ვტკბები მონეს ფერდოვანი ხიდებით და ბაღებით, დეგას ტანწერწეტა  ბალერინებით,     რენუარის რომანტიკული წყვილებით, სისლეის სევდით,   ბაზილის კეთილშობილებით,  პისაროს ხმაურით, მანეს სითამამით.

    მათ გამოელიათ შავი ფერი და ასე დაიბადა იმპრესიონიზმი…..  რომლისთვისაც დამახასიათებელია არასტაბილურობა,   მოვლენათა მუდმივი ცვალებადობის და წარმავალი შთაბეჭდილებების ასახვა.  რამდენიმე სურათი განსაკუთრებულად მიყვარს და ხშირად ისეც ხდება, რომ  თითოეული მათგანი ხასიათს და განწყობას აბსოლუტურად შეესაბამება.  ვუყურებ მათ დაკვირვებით,  შემდეგ კი  სრულად ვიკარგები ამ  ნახატებში, მაგრამ ვპოულობ ჩემს მზეს, ჩემს ფერადოვნებას, სითბოს, სივრცეს,  ვერ ვპოულობ ძველი დროის ფრაგმენტებს, ალბათ არც არის საჭირო.    სიმუქის  ფაქტობრივად არარსებობა  და ნათელი წმინდა ფერები მამხიარულებს, სიხალისეს მმატებს, სიყვარულის ხასიათზე მაყენებს.  მერე ფანჯარაში ვიხედები და არც ისე მუქი მეჩვენება ეს სამყარო, მერე ვხურავ წიგნს  და  ოპტიმიზმით შეპყრობილი ველოდები…. რას??  ზაფხულს, მზეს და უამრავ კარგ რამეს……….

ცხოვრება იდიოტისა

  იგი მიაბიჯებდა ასფალტზე….. და ფიქრობდა ცხოვრებაზე, რომელიც თითქოს გაფერმკრთალდა,  გაბაცდა  და ამაო გახდა, ,,ამაოება, ამაოებათა და ყოველივე ამაოა”

ამ დეკემბრის ცივ დღეებში ჩემი ძაღლუკას სეირნობისას, ხშირად ასეთი წინადადებები და ასეთი აზრები ტრიალებს და ტრიალებს თავში. ამ დროს კი   სულ მახსენდება  აკუტაგავა რიუნოსკეს  “ცხოვრება იდიოტისა”.  როცა სულ პირველად წავიკითხე შეძრწუნებამდე შევიგრძენი  ყველა ფრაზა, თითქოს სულიც გამეყინა, მერე სულ მეფიქრებოდა და მეფიქრებოდა ქუჩაში, ტრანსპორტში, სახლში. ახლაც ამეკვიატა…….

,,მისთვის, ოცდაცხრა წლის კაცისათვის, წუთისოფელი სულაც აღარ ჩანდა მშვენიერი. მაგრამ ვოლტერმა ხელოვნური ფრთებით შეაიარაღა.
მან გაისწორა ეს ხელოვნური ფრთები და მსუბუქად, იოლად გაფრინდა ცისკენ. მაშინ გონების სინათლით გაცისკროვნებული სიხარული და ურვა ადამიანური ცხოვრებისა მისი თვალსაწიერის მიღმა დარჩა.”

  მეც ხშირად მიფიქრია მქონოდა ფრთები, მიფიქრია   გავფრენილიყავი, სადღაც შორს ძალიან შორს, ან შორიდან დამენახა ეს ყოველდღიურობა, ხშირად მემძიმება რეალობა, ხანდახან მიძნელდება ადამიანობა და არარსებობასაც ვნატრობ. მაგრამ ეს მე ვარ, მე რომელიც ხშირად  ცვალებადობაში ვიკარგები………

აკუტაგავა დაიბადა მარტში დრაკონის თვეს და დრაკონის დღეს, დაბადებიდანვე უწინასწარმეტყველეს მძიმე ცხოვრება და ტრაგიკული ბედი, ასეც იყო. ბავშვობიდან ჰალუცინაციებით და უძილობით იტანჯებოდა . მისი ღმა ფსიქოლოგიზმი და რაფინირებული სტილი ჩემთვის ამაღელვებელია,  მისი ნოველების სიუჟეტები ძირითადად აღებულია ძველი ლეგენდებიდან და ლიტერატურული ძეგლებიდან. ასეთი სტილით ის ემიჯნებოდა  რეალობას, რაც მისი აზრით უგვანო და უხამსი იყო. მისი შემოქმედება პესიმიზმით ხასიათდება, განსაკუთრებით  მისი ბოლო ნაწარმოებები, რომლებიც  საოცარი ნაღველით და სევდით არის სავსე, აშკარად იგრძნობა, რომ ცხოვრება მას უკვე მობეზრებოდა. მისი  სულიერი მდგომარეობა იმდენად მძიმე იყო, რომ ხშირად ფიქრობდა თვითმკვლელობაზე. მან  უცნაური ექსპერიმენტის ჩატარებაც სცადა:

”ისარგებლა, რომ მარტო ეძინა და ფანჯრის ცხაურზე თავის ჩამოხრჩობა სცადა ქამრით. მაგრამ გაუყარა თუ არა კისერი ყულფში, შეეშინდა სიკვდილისა. არა, იმიტომ არ შეშინებია, რომ ბოლო წუთებში ტანჯვის გადატანა მოუხდებოდა. გადაწყვიტა, გაემეორებინა ცდა, გაეზომა დახრჩობისათვის საჭირო დრო. და აი, მცირედი წვალების შემდეგ იგრძნო, რომ გონება ებინდებოდა. ცოტაც და, გათავდებოდა კიდეც. თვალი უსწორა საათის ისრებს, და ცხადი გახდა, რომ ჭირთათმენა წუთსა და 20 წამს გრძელდებოდა”

საბოლოოდ მაინც მოახერხა ეს და1927 წლის  24 ივლისის აისს ვერონალის გადაჭარბებული დოზის მიღებით ოცდათხუთმეტი წლის ასაკში სრულიად მშვიდ გარემოში დაასრულა სიცოცხლე. სიკვდილის წინ კი მოასწრო დაეწერა ,,ცხოვრება იდიოტისა” რომელიც შემდგომში ჩემნაირად სხვა უამრავ ადამიანს ააღელვებს.

,,როცა “ცხოვრება იდიოტისა” მოათავსა, მეძველმანის დუქანში შემთხვევით გედის ფიტულს წააწყდა. გედი თავადაწეული იდგა, ხოლო მისი გაყვითლებული ფრთები ჩრჩილისგან იყო დაჭმული. იგი უნებლიეთ დაუფიქრდა მთელ თავის ცხოვრებას და იგრძნო, ყელში ერთდროულად რომ აწვებოდა ცრემლი და სიცილი. წინ მხოლოდ შეშლილობა ან თვითმკვლელობა ელოდა. მარტოდმარტო მიმავალმა დაბინდულ ქუჩაში გადაწყვიტა, მოთმინებით დალოდებოდა ბედს, რომელიც მის მოსაშთობად მოვიდოდა.”

  ეს არის მოთხრობა, სადაც გადმოცემულია მისი მტკივნეული მოგონებები, შიშები, დამოკიდებულება ცხოვრებისადმი.  სულიერი მარტოობა და სხვა უამრავი რამ, რაც მის პიროვნულ ხასიათს განსაზღვრავს, მიზეზი თუ რატომ მოიკლა თავი  უცნობია, ალბათ მისი ღრმა დეპრესიის ლოგიკური შედეგი იყო,   თუმცა  თავადვე ახსნა მოკლე ფრაზით, რომელიც მეგობარს სიკვდილის წინ დაუტოვა  მოთხრობასთან ერთად  “ალბათ არც ერთი თვითმკვლელი ბოლომდე დარწმუნებული არ არის იმ მოტივში, რის გამოც თავს იკლავს”. თავი მოიკლა, მაგრამ მისი სახელი სამუდამოდ უკვდავყოფილია, მისმა შემოქმედებამ უკვდავყო,  რა გასაკვირია….

,,კალმიანი ხელი უთრთოდა. ნერწყვმა უმწეო ბავშვივით დაუწყო დენა. გონება ნთელი ჰქონდა მხოლოდ გამოღვიძების შემდეგ, დაძინებას კი უამრავი ვერონალით ახერხებდა. და გონებასაც სულ ნახევარი ან ერთი საათით თუ უბრუნდებოდა ჩვეული ძალა. აუწყველ და ამოუხაპავ სიბნელეში მიიზლაზნებოდა დრო. თითქოს წვრილ მახვილზე იყო დაყრდნობილი, რომელსაც ალესილი პირი გადასტეხოდა.”

ბოლო ფრაზების წაკითხვისას ემოციურ  დაღლილობას ვგრძნობ, თუმცა ბრძოლის სურვილი მიჩნდება, რატომ ბრძოლის? არ ვიცი……. მაგრამ ის ზუსტად ვიცი, რომ ასე დასრულება არაფრის გამო არ ღირს!!!

იდიოტურად შეშლილი, შეშლილი გარემო:)


   ეს ბოლო ხანებია არანაირი აზრი და იდეა თავში არ მომდის, რაც სასტიკად არ მომწონს,  მერე დავფიქრდი და მივხვდი, რომ  ჩემ გარშემო ისეთი რამეები ხდება, რაზეც, არც აზრია საჭირო და, არც იდეა:) უბრალოდ ისაა, რაზეც მემგონი ფიქრი არც კი ღირს,  სადაც არ უნდა გავიხედო  მხოლოდ უინტერესო ხალხს, უინტერესო აზრებს, ერთფეროვნებას და უღიმღამობას ვხედავ.  თითქოს შეიშალა გარემო, მაგრამ  სამწუხაროა ის, რომ შეიშალა იდიოტურად და არასაინტერესოდ. თითქოს ყველაფერი,  რაც ზოგადად ხდება არის გულისამრევი, შესაბამისად რომელ ჩაფიქრებაზეა საუბარი:), სამწუხაროდ ესაა ქართული რეალობა დღეს ჩემთვის. (მემგონი ზედმეტად კრიტიკულიც ვარ, მაგრამ ასე ვფიქრობ ამ წუთას, თანაც ეს ხომ ჩემი ბლოგია და რასაც მინდა იმას დავწერ:) )

შთაგონების ყველანაირი წყარო გამიქრა და ასე უმისამართოდ დავეხეტები ჩემს გონებაში, იქნებ რამემ მაინც დამაინტერესოს ამ ეტაპზე. 🙂  პრინციპში, რომ ჩავუღრმავდე საინტერესოს მეტი რა ხდება, მაგალითად დავიწყოთ ტელევიზორით,ფრიად  საინტერესოა დილით კარგ ხასიათზე, რომ ადგები მოიმზადებ საუზმეს, ჩართავ ამ ყუთს და ეგრევე  თავს დაგატყდება საინტერესოზე საინტერესო ამბების მთელი  კასკადი :),  თუნდაც  ორი ქაჯი ჩანგლით როგორ კლავს ერთმანეთს, თურმე პირველმა ქაჯმა მეორეს გემოვნება დაუწუნა და ამის გამო (ნეტავ მხოლოდ ამის გამო?!) მეორემ ჩასცხო ჩანგალი, უკვე  ძალიან საინტერესოა. 🙂  მე ცოტა სუბიექტური ვიქნები და ჩანგლიანი ქაჯის მხარეს დავიჭერ, რაღაც თავისუფლება  და მებრძოლი სული დავინახე მასში, მეორე კიდევ ყალბი მეჩვენა, ნუ ესეც საინტერესო ამბავი, თან გავაანალიზე და საკმაოდაც ჩამაფიქრა, მშვენიერია, უკიდეგანოდ მშვენიერი:). მერე გათენდება სხვა დღეები,  ისევ ჩართავ ამ საოცარ ყუთს და ,,გაბედნიერდები”, უამრავი საინტერესო ადგილის ხილვით და საინტერესო მუსიკის მოსმენით, ამის ფონზე საკუთარ თავს ვესაუბრები და ვადანაშაულებ, ასეთ სამოთხეში ცხოვრობ, შენ კი გამუდმებით წუწუნებ და უკმაყოფილო ხარ:) … მერე ისეთ ისტორიებს გაიგებ შეიძლება აგეტიროს კიდეც.:) მაგრამ წამყვანი ჰარმონიული ხელის აქნევით დაგემშვიდობება, სენტიმენტალური ხასიათი კი დაგრჩება , მაგრამ მაინც იმედიანად ხარ, შემდეგშიც ხომ გექნება ასეთი საოცრებების ხილვის ბედნიერება:) მერე რომელ არხზეც არ უნდა გადართო (ქართულს ვგულისხმობ) ყველგან  ერთი საოცარი ფილმი გადის, სადაც ჩვენ ქართველები გმირები ვართ- ნამდვილი გმირები და ხო კიდევ უამრავი ტანკი და თვითმფრინავი გვაქვს. მერე მოდის კვირის ბოლო და დუღილის დაწყების დროა და ერთი ,,უსექსუალურესი” ყმაწვილი საოცარი ხმის ტემბრით გვადუღებს, ვსაუბრობთ და ვსაუბრობთ და ამასობაში ვცხელდებით და ვცხელდებით:) მაგალითად,  ძალიან ასადუღებელად საინტერესოა ჩვენი საოცარი შოუბიზნესი რატომ მოკვდა? (როდის იყო ცოცხალი მაინტერესებს ძალიან!), ან გოგო გათხოვებამდე ქალიშვილი უნდა იყოს თუ არაა. ესეც შენი უამრავი თემა საფიქრად და გასაანალიზებლად.:) ეჰ  ეს მხოლოდ მწირი ჩამონათვალია, ასეთი კიდევ ბევრია:). ყოველივე ამის შემდეგ გავაცნობიერე, რომ  ყოველივე ზემოთთქმულის ნახვით უამრავი დრო დავხარჯე,   თან უაზროდ, თუმცა მირჩევნია უკვე  ნახულზე გამოვთქვა საკუთარი აზრი, ვიდრე ვისაუბრო იმაზე, რაც არ მინახავს…..ახლა სულ ერთი კითხვა მიტრიალებს თავში რატომ? უკვე პასუხიც  მაქვს- იმიტომ!!!  მოკლედ ასე დამთვარდა ჩემი მოგზაურობა ,,ჯადოსნურ ყუთში”, თუმცა ყველაფერს აქვს დადებითი და უარყოფითი მხარე , აქედან გამომდინარე  ახლა უკვე ზუსტად ვიცი, რაში არ უნდა დავხარჯო ჩემი ძვირფასი დრო.

ბედნიერება სწრაფად და მარტივად:)

   მოწყენილი პერიოდია,  დრო სწრაფად გადის და წამიც აღარ რჩება, ფიქრები ძირითად უაზრობაზე, უამრავ საინტერესო და უინტერესო უაზრობაზე,  შეგრძნებები უცნაური და არაშთმბეჭდავი, არავითარი ინსპირაცია, მაგრამ მაინც მეწერინება. უამრავი კითხვა მაქვს უამრავი აზრი და იდეა, უამრავი გეგმა, მაგრამ ეს მაგრამ……თითქოს ბედნიერების შეგრძნება შემომაკლდა.  რატომღაც მეჩვენება, რომ სრულყოფილი ბედნიერება არც არსებობს, უბრალოდ ჩვენ ადამიანებმა გამოვიგონეთ და ყველა თავდაუზოგავად მივილტვით მისკენ.  თუმცა აღმოჩნდა, რომ ყველაფერი ერთგვარი ქიმიაა და უამრავი საშუალება არსებობს ბედნიერების ჰორმონების  გამოსაყოფად  მეც გადავწყვიტე ამ მოწყენილობის ჟამს  ჩემებურად, ჩემი მეთოდებით ხელი შევუწყო ბედნიერების ჰორმონების გამოყოფას, და ეს ზამთარი, რომელიც სასტიკად არ მიყვრას ბედნიერად გადავლახო . პირველ რიგში  გადავწყვიტე აღარ ვიფიქრო არასაფიქრალ ადმიანებზე. . გავაცნობიერე, რომ იმ ამბების გახსენება, რაც თავის დროზე ბედნიერს მხდიდა ახლა უკვე ცუდ ხასიათზე მაყენებს, თანაც ეს მარტივი სასიყვარულო ისტორია ამჯერად იმდენად უაზროა, გასახსენებლადაც არ ღირს, ხოდა მეც  გონების კუნჭულებში გადავმალე ზოგიერთი მოგონება, რასაც სავარაუდოდ დღის სინათლეს არ ვაღირსებ, ამის შემდეგ ავიღე წიგნი, ამჯერად დოსტოევსკის ,,ძმები კარამაზოვები”, მართალია,  ეს წიგნი არც თუ ისე ბედნიერების მომტანია ,  თუმცა  ჩამაფიქრებს, აზროვნების საშუალებას მომცემს და სიღრმეებში მაინც  მახეტიალებს, რაც ასე ძალიან მომწონს და მეხერხება. ამის შემდეგ, ყველაზე მთავარია საკუთარ თავში ჩაღრმავება და ჩემთვის ესოდენ მნიშვნელოვანი  დარწმუნების მეთოდის ამოქმედება, რაც მდგომარეობს შემდეგში საკუთარი თავს გამუდმებით ვარწმუნებ, რომ ბედნიერი ვარ, რომ ყველაფერი კარგად არის და ეს უგუნებობაც დროებითია, გაივლის და დაბრუნდება  ხალისი სიცოცხლის. საინტერესო ადამიანებთან ურთიერთობა ამ დროს, ასევე მნიშვნელოვნად მიმაჩნიაა, ამიტომ დამთრგუნველი და უაზრო ხალხისგან თავის შორს დაჭერას ვამჯობინებ.  ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ არასაკმარისი, კიდევ მჭირდება ენდორფინები, აქ ამ ჯადოსნურ ყუთში კი მის გამომუშავებაზე უამრავი რამ შევიტყვე, თანაც დარწმუბული ვარ ჩემნაირად ბევრი სხვაც იქნება და გარკვეული ინფორმაცია მათაც გამოადგებათ.  შინაგანაი კმაყოფილება რომ შევიგრძნოთ აუცილებელია ბედნიერების  ჰორმონი, ხოდა არსებობს უამრავი საშუალება, რის დახმარებითაც მას მოვიპოვებთ, დავიწყოთ თვიდან, როგორც გავიგე  ჩვენი, ადამიანების ემოციური მდგომარეობა ძალზედ  ცვალებადია ( ჩემ შემთხვევაში ეს ცვალებადობა საკმაოდ შესამჩნევი და ამავდროულად შემაწუხებელიც გახდა), ენდორფინები  კი ის ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებია, რომლებიც გამომუშავდება თავის ტვინში და, რომლებიც განსაზღვრავენ ამ ცვალებადობას. ეს არის ნივთიერებების ჯგუფი, რომელსაც ნარკოტიკული ეფექტი გააჩნია ადამიანზე, იწვევს კარგად ყოფნის შეგრძნებას, ამცირებს ტკივილს,  ნებისმიერი დადებითი განცდა იწვევს სისხლში ენდორფინების დონის მომატებას.  ასე რომ, ყველა ფსიქოლოგი, თუ ამ საკითხში კომპეტენტური ადამიანი გვირჩევს, რომ  როდესაც უგუნებობა შეგვაწუხებს, ან თავს სევდიანად ვიგრძნობთ  პირველ რიგში აუცილებელია ფსიქოლოგიურად დადებითად განვეწყოთ,  თურმე სასიამოვნო განცდების აღძვრა, სასაცილო მომენტების გახსენება, ცეკვა, სპორტი და სხვადასხვა  სასიყვარულო შთბეჭდილებები ხელს უწყობს დიდი რაოდენობით ენდორფინების გამოყოფას , რაც უკვე ბედნიერების შეგრძნებას გვიბრუნებს.

ასევე გავარკვიე, რომ არსებობს ბუნებრივი ანტიდეპრესანტებიც, მაგალითად შოკოლადი,რომელიც ამავდროულად ძლიერი ანტიოქსიდანტიცაა. 40 გრამი შოკოლადი თურმე იმდენივე ანტიოქსიდანტურ ნივთიერებას შეიცავს, რამდენსაც ერთი ჭიქა წითელი ღვინო.

თუმცა მიმაჩნია, რომ მაინც არაარეკომენდირებულია შოკოლადზე მიძალება, თუნდაც იმიტომ, რომ შემდგომ ეს ჩვენი წვალებით მოპოვებული ბედნიერება ჭარბი წონის განცდის უბედურებამ არ შგვიცვალოს, თუმცაღა ზომიერად მისი მიღება სასარგებლოც კია, რაც მეცნიერულად არის დამტკიცებული. შოკოლადის გარდა ენდორფინების დონის მომატება შეუძლია სხვადასხვა საკვებს. მაგალითად, ბანანს, მდოგვს, კარტოფილს, წიწაკას, ასე რომ საკვები რაციონის შერჩევაც მნიშვნელოვნად დაგვეხმარება ენდორფინების მოგროვებაში  აგრეთვე მათი გამომუშავება შეიძლება, თუ საყვარელი საქმით დავკავდებით, განსაკუთრებით სპორტით, თურმე  ნახევარსაათიანი დილის გარბენი მოგვნიჭებს ეიფორიის გრძნობას, მსგავს იმისას, რასაც შეყვაებულთან პაემანის დროს განვიცდით, იგივე ზემოქმედებას ახდენს დღის სინათლე, ანუ მზის სხივები, მივეფიცხოთ მზეს და ამით მარტივად  გავხდეთ ბედნიერები. ყველაფერი ეს ძალიან საინტერესოდ და აგრეთვე  სასიხარულოდ მეჩვენა, მაგრამ ამავდროულად დამაფიქრა, თურმე რამდენი მარტივი რამით შეიძლება შევიგრძნოთ ბედნიერება და სიხარული, თუმცა მიუხედავად ამისა, ირგვლივ როცა ვიყურები, თითქმის ყოველთვის  ვხედავ დაღვრმილ, მოწყენილ და არაფრისმთქმელ სახეებს,  არაფრისმთქმელ სიტუაციებს, ალბათ ამის სხვა უამრავი მიზეზიც არსებობს, რომელიც უკვე სხვაგან წამიყვანს. საბოლოო ჯამში, რომ გავაანალიზო, მაინც მგონია, რომ ის რაც ზემოთ აღვნიშნე მხოლოდ მარტივი ბედნიერებებია, რომლებიც ძალიან დროებითი,  წამიერია  და ამავდროულად არასაკმარისია, ეს სულაც არ არის ის , რაც თითქმის ყველას სურსს თანაც ძალიან.  როგორია ნეტავ ბედნიერება, რომელიც აბსოლუტურად სრულყოფილია  და რომელიც სამუდამოდ თუ არა, ხანგრძლივად მაინც გრძელდება?   ეს ის კითხვაა,  რომელსც ოდესმე პასუხს აუცილებლად გავცემ, მანამდე კი უბრალოდ და მარტივად ვიქნები ბედნიერი…..