ცხოვრება იდიოტისა

  იგი მიაბიჯებდა ასფალტზე….. და ფიქრობდა ცხოვრებაზე, რომელიც თითქოს გაფერმკრთალდა,  გაბაცდა  და ამაო გახდა, ,,ამაოება, ამაოებათა და ყოველივე ამაოა”

ამ დეკემბრის ცივ დღეებში ჩემი ძაღლუკას სეირნობისას, ხშირად ასეთი წინადადებები და ასეთი აზრები ტრიალებს და ტრიალებს თავში. ამ დროს კი   სულ მახსენდება  აკუტაგავა რიუნოსკეს  “ცხოვრება იდიოტისა”.  როცა სულ პირველად წავიკითხე შეძრწუნებამდე შევიგრძენი  ყველა ფრაზა, თითქოს სულიც გამეყინა, მერე სულ მეფიქრებოდა და მეფიქრებოდა ქუჩაში, ტრანსპორტში, სახლში. ახლაც ამეკვიატა…….

,,მისთვის, ოცდაცხრა წლის კაცისათვის, წუთისოფელი სულაც აღარ ჩანდა მშვენიერი. მაგრამ ვოლტერმა ხელოვნური ფრთებით შეაიარაღა.
მან გაისწორა ეს ხელოვნური ფრთები და მსუბუქად, იოლად გაფრინდა ცისკენ. მაშინ გონების სინათლით გაცისკროვნებული სიხარული და ურვა ადამიანური ცხოვრებისა მისი თვალსაწიერის მიღმა დარჩა.”

  მეც ხშირად მიფიქრია მქონოდა ფრთები, მიფიქრია   გავფრენილიყავი, სადღაც შორს ძალიან შორს, ან შორიდან დამენახა ეს ყოველდღიურობა, ხშირად მემძიმება რეალობა, ხანდახან მიძნელდება ადამიანობა და არარსებობასაც ვნატრობ. მაგრამ ეს მე ვარ, მე რომელიც ხშირად  ცვალებადობაში ვიკარგები………

აკუტაგავა დაიბადა მარტში დრაკონის თვეს და დრაკონის დღეს, დაბადებიდანვე უწინასწარმეტყველეს მძიმე ცხოვრება და ტრაგიკული ბედი, ასეც იყო. ბავშვობიდან ჰალუცინაციებით და უძილობით იტანჯებოდა . მისი ღმა ფსიქოლოგიზმი და რაფინირებული სტილი ჩემთვის ამაღელვებელია,  მისი ნოველების სიუჟეტები ძირითადად აღებულია ძველი ლეგენდებიდან და ლიტერატურული ძეგლებიდან. ასეთი სტილით ის ემიჯნებოდა  რეალობას, რაც მისი აზრით უგვანო და უხამსი იყო. მისი შემოქმედება პესიმიზმით ხასიათდება, განსაკუთრებით  მისი ბოლო ნაწარმოებები, რომლებიც  საოცარი ნაღველით და სევდით არის სავსე, აშკარად იგრძნობა, რომ ცხოვრება მას უკვე მობეზრებოდა. მისი  სულიერი მდგომარეობა იმდენად მძიმე იყო, რომ ხშირად ფიქრობდა თვითმკვლელობაზე. მან  უცნაური ექსპერიმენტის ჩატარებაც სცადა:

”ისარგებლა, რომ მარტო ეძინა და ფანჯრის ცხაურზე თავის ჩამოხრჩობა სცადა ქამრით. მაგრამ გაუყარა თუ არა კისერი ყულფში, შეეშინდა სიკვდილისა. არა, იმიტომ არ შეშინებია, რომ ბოლო წუთებში ტანჯვის გადატანა მოუხდებოდა. გადაწყვიტა, გაემეორებინა ცდა, გაეზომა დახრჩობისათვის საჭირო დრო. და აი, მცირედი წვალების შემდეგ იგრძნო, რომ გონება ებინდებოდა. ცოტაც და, გათავდებოდა კიდეც. თვალი უსწორა საათის ისრებს, და ცხადი გახდა, რომ ჭირთათმენა წუთსა და 20 წამს გრძელდებოდა”

საბოლოოდ მაინც მოახერხა ეს და1927 წლის  24 ივლისის აისს ვერონალის გადაჭარბებული დოზის მიღებით ოცდათხუთმეტი წლის ასაკში სრულიად მშვიდ გარემოში დაასრულა სიცოცხლე. სიკვდილის წინ კი მოასწრო დაეწერა ,,ცხოვრება იდიოტისა” რომელიც შემდგომში ჩემნაირად სხვა უამრავ ადამიანს ააღელვებს.

,,როცა “ცხოვრება იდიოტისა” მოათავსა, მეძველმანის დუქანში შემთხვევით გედის ფიტულს წააწყდა. გედი თავადაწეული იდგა, ხოლო მისი გაყვითლებული ფრთები ჩრჩილისგან იყო დაჭმული. იგი უნებლიეთ დაუფიქრდა მთელ თავის ცხოვრებას და იგრძნო, ყელში ერთდროულად რომ აწვებოდა ცრემლი და სიცილი. წინ მხოლოდ შეშლილობა ან თვითმკვლელობა ელოდა. მარტოდმარტო მიმავალმა დაბინდულ ქუჩაში გადაწყვიტა, მოთმინებით დალოდებოდა ბედს, რომელიც მის მოსაშთობად მოვიდოდა.”

  ეს არის მოთხრობა, სადაც გადმოცემულია მისი მტკივნეული მოგონებები, შიშები, დამოკიდებულება ცხოვრებისადმი.  სულიერი მარტოობა და სხვა უამრავი რამ, რაც მის პიროვნულ ხასიათს განსაზღვრავს, მიზეზი თუ რატომ მოიკლა თავი  უცნობია, ალბათ მისი ღრმა დეპრესიის ლოგიკური შედეგი იყო,   თუმცა  თავადვე ახსნა მოკლე ფრაზით, რომელიც მეგობარს სიკვდილის წინ დაუტოვა  მოთხრობასთან ერთად  “ალბათ არც ერთი თვითმკვლელი ბოლომდე დარწმუნებული არ არის იმ მოტივში, რის გამოც თავს იკლავს”. თავი მოიკლა, მაგრამ მისი სახელი სამუდამოდ უკვდავყოფილია, მისმა შემოქმედებამ უკვდავყო,  რა გასაკვირია….

,,კალმიანი ხელი უთრთოდა. ნერწყვმა უმწეო ბავშვივით დაუწყო დენა. გონება ნთელი ჰქონდა მხოლოდ გამოღვიძების შემდეგ, დაძინებას კი უამრავი ვერონალით ახერხებდა. და გონებასაც სულ ნახევარი ან ერთი საათით თუ უბრუნდებოდა ჩვეული ძალა. აუწყველ და ამოუხაპავ სიბნელეში მიიზლაზნებოდა დრო. თითქოს წვრილ მახვილზე იყო დაყრდნობილი, რომელსაც ალესილი პირი გადასტეხოდა.”

ბოლო ფრაზების წაკითხვისას ემოციურ  დაღლილობას ვგრძნობ, თუმცა ბრძოლის სურვილი მიჩნდება, რატომ ბრძოლის? არ ვიცი……. მაგრამ ის ზუსტად ვიცი, რომ ასე დასრულება არაფრის გამო არ ღირს!!!

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s