Archive | იანვარი 2012

უიმედოდ იმედიანი

     გაუქრა შთაგონების წყარო, თითქოს ამოიწურა ყველაფერი ის რაზეც ფიქრობდა, ამოიწურა ის ვისზეც ფიქრობდა,  თითქოს საფიქრალი აღარ აქვს, თითქოს დარჩა მარტო ამ სამყაროში, სრულიად დაკარგული დროსა და  სივრცეში, ავიწყდება დღეები არ აინტერესებს თარიღები, ყველაფერმა დაკარგა ფასი….. დაეკარგა ინტერესი ყველა და ყველაფრის მიმართ, იღიმის და ეს ღიმილიც უღიმღამოა, ფიქრობს და ეს ფიქრიც უაზროა,  წარსული გაქრა, აწმყოც და მომავალიც ბუნდოვანია…….. ასე ბოდავს ეს ბოლო დღეები და რაღაც წერტილამდე მისული ფიქრობს გამოსავალზე,  სადღაც უნდა, სადღაც შორს, სადღაც იქ სადაც გაექცევა, მაგრამ რას გაექცევა  არ იცის,  მაგრამ უნდა, ოღონდ აქ არა და სხვაგან ყველგან, არადა იცის  რამდენიმე დღე და ისევ აქაურობაზე დაიწყებს ფიქრს და განუზომელი სევდა შემოაწვება, მაგრამ მაინც იქ უნდა,  იქ  სხვაგან….ოცნების ადგილას….  ამ ღრმა  დეპრესიის ჟამს მხოლოდ ამაზე ეფიქრება, მაგრამ  სადაა ეს ადგილი?   არსებობს კი  ადგილი, სადაც სიმშვიდეს იგრძნობს,  სადაც იქნება ის და მხოლოდ ის ყველა სხვა სატანჯველი ფიქრის გარეშე,  სამწუხაროა, მაგრამ ალბათ ასეთი ადგილი არც არსებობს.  სადაც არ უნდა წავიდეს ყველგან  თან გაჰყვება ეს შემაძრწუნებებლი შეგრძნებები,  ყველგან თან სდევს სევდიანი თვალები, მაგრამ მაინც…… გამოსავალი არსებობს, რა თქმა უნდა არსებობს, ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული,   ეს ნაცრისფერი ზამთარიც დასრულდება,  ხო დასრულდება და მერე გაზაფხულდება,  მის სულშიც გაზაფხულდება,     ცოტა დრო უნდა, სულ ცოტაც და გაივლის ყველაფერი გაივლის,   ეს კოშმარული სიზმრებიც დამთავრდება, რომელიც იშვიათად, მაგრამ მაინც შემაწუხებლად მოქმედებს მასზე, დასრულდება და დაბრუნდება  ის,  ისევ  მხიარული, ხალასი, სიცოცხლისმოყვარული,  ისე როგორც ადრე, ისე როგორც მაშინ, როცა უხაროდა,   პატარა წვრილმანიც ბედნიერს ხდიდა…. ამიერიდან არაფერს დაიმახსოვრებს, არაფერს გაიხსენებს, არაფერს ინანებს, არაფერზე  იტირებს, არაფერზე იდარდებს, იფიქრებს  მომავალზე, კარგ მომავალზე, იფიქრებს  ბედნიერებაზე, რომელიც მოვა აუცილებლად მოვა,  იფიქრებს კარგ ადამიანებზე, შეიყვარებს ღირსეულებს…..აღარასდროს იფიქრებს ლაჩრებზე, აღარ გაიმეორებს ადრე დაშვებულ შეცდომებს….  ისე იცხოვრებს, როგორ ცხოვრებაზეც   ყოველთვის ოცნებობდა,  ჯერ კიდევ მაშინ ოცნებობდა, როცა ვარდისფერი სათვალე ეკეთა და სჯეროდა მომავლის, სჯეროდა ადამიანების, უბრალოდ სჯეროდა…… ახლაც დაიჯერებს, ყველაფერს თავიდან დაიწყებს, ყველაფერს გადალახავს , ყველა სიძნელეს  გაუძლებს  და მაინც  იპოვის  ბედნიერ საკუთარ თვს…..

Advertisements

მეგობარი და კიდევ უფრო მეტი

დღეს 21-ი იანვარია, ზოგისთვის  ჩვეულებრივი 21 იანვარი, მაგრამ ჩემთვის ყოველთვის არაჩვეულებრივი იქნება, იმიტომ, რომ ამ დღეს დაიბადა ჩემი ადამიანი, მე მას სხვას ვერაფერს დავარქმევ,   ის ჩემია და მორჩა,  🙂   ჩემი სულის ნაწილია.  ხშირად ყოფილა, რომ სრულებით არ მდომებია ცხოვრება, სრულებით უაზრობად მომჩვენებია ყველაფერი, მაგრამ მერე ჩავფიქრებულვარ და გამხსენებია  ის,  ჩემი ადამიანი, ხოდა აქ თითქოს განათდება ხოლმე …..  მახსენდება ყველაფერი კარგი,  ყველაფერი ის,  რაც გვაკავშირებს, უამრავი ისტორია, უამრავი ამბავი – სახალისოც და არასახალისოც, მოსაწყენიც და არამოსაწყენიც, დიდებული და არადიდებული, სასაცილო და ძალიან სასაცილო:),  ეს ჩვენი ისტორიებია,  ჩვენი ცხოვრების ისტორიები, რომელიც სულ გვემახსოვრება. 🙂   ყოველი ასეთი ჩაფიქრების შემდგომ, ისევ ვბრუნდები უკან ამ ცხოვრებაში , ისევ მიბრუნდება იმედი, ისევ მიბრუნდება ხალისი, მერე რა, რომ ხშირად ვწუწუნებთ, მერე რა, რომ ხშირად ისე არ ხდება, როგორც ვგეგმავთ, მერე რა რომ ხშირად არ ვართ კმაყოფილები ცხოვრებით და უამრავი წვრილმანი თუ მსხვილმანი გვანერვიულებს, მიუხედავად ამისა,  მაინც არ ვკარგავთ იმედს და მაინც გვჯერა, რომ წავალთ იქ სადაც წავალთ, ჩვენ გარეწარ ოპტიმისტებს  🙂  გვჯერა რომ, მაინც ისე იქნება ყველაფერი, როგორც საჭიროა.

მე ის ყველაზე კარგად მიცნობს, უბრალოდ მიყურებს და შეუძლია სულში ჩაიხედოს, ხო! ჩემს სულში და დაინახოს ყველაფერი, უთქმელად გამიგოს, ჩემი თავლებით მიხვდეს რა მჭირს, მე არასდროს ვფიქრობ, რომ ის გამკიცხავს, რაც არ უნდა გავაკეთო… ვიცი რომ შემიძლია ვუთხრა ყველაფერი, მოვუყვე ყველა ამბავი –   კარგიც და ცუდიც,  ვიცი რომ გულისყურით მომისმენს და ვიცი რომ  სწორად მირჩევს,  ან  სულაც  არ მირჩევს,  მაგრამ უბრალოდ გამამხნევებს და ცხოვრების ხალისს დამიბრუნებს.  მე მასში ვაფასებ  უბრალოებას, და მხიბლავს მისი ადამიანობა. მე ის უზომოდ მიყვარს, ხანდახან სიტყვებიც არ კმარა, რომ გადმოვცე ჩემი მისდამი დამოკიდებულება, მე მისთვის არ დამენანება  თუნდაც მთელი ჩემი ცხოვრება……..

ძალიან გამიძნელდა ამ პოსტის დაწერა, არადა რატომღაც მეგონა ადვილად შევძლებდი, მაგრამ რთული ყოფილა წერა იმ ადამიანზე, ვინც ჭეშმარიტად გიყვარს და ვისაც ჭეშმარიტად აფასებ. ამიტომ აღარ გავაგრძელებ, დანარჩენს დავიტოვებ ჩემთვის და ვიტყვი მხოლოდ  ერთ რამეს,  მე  ბედნიერი ვარ!!!! იმიტომ რომ მე მყავს სულის მეგობარი. …….. და მე ჩემ სულის მეგობარს ვუსურვებ ბედნიერებას,  ფანტასტიკურად დიდ  ბედნიერებას………..

ხო ეიფელის მწვერვალზე იმ სიტყვებს აღარ ვიტყვით, იმიტომ რომ იმიტომ !!! 🙂

მამლის ბოლო ანუ კოქტეილი ანუ კარგი განწყობა :))

  ეს ბოლო დღეები ბევრი ვიფიქრე რაზე დამეწერა პოსტი და ისეთი განსაკუთრებული  ვერაფერი მოვიფიქრე.  ხოდა დავწერ უბრალოდ იმაზე, რაც პირველი მომივა თვში, ჩავფიქრდი და კოქტეილი ამომიტივტივდა (ამ ახალ წლებზე სულ ალკოჰოლი ალკოჰოლი  და აი შედეგიც  🙂  ).  იყოს კოქტეილი, მე მრავალფეროვნების მოყვარული ვარ და კოქტეილიც მრავალფეროვან და საინტერესო სასმელად მიმაჩნია, მართალია ბევრი  მათგანი ჯერ არც მაქვს დაგემოვნებული,  მაგრამ რაც აქამდე გავსინჯე, თითქმის ყველა მომეწონა და საყვარელი კოქტეილიც მაქვს. მოკლედ, კოქტეილი ეს არის შერეული ალკოჰოლური სასმელი, რომლის სახელწოდებაც სიტყვასიტყვით ნიშნავს მამლის ბოლოს ,, cock tail”, თუმცა მისი სახელის ნამდვილი წარმომავლობა მაინც უცნობია.   პირველად კოქტეილი  ნახსენებია ნიუ-ორკის ერთ-ერთ ცნობარში, სადაც მას განმარტავენ, როგორც ,,მასტიმულირებელი ლიქიორი, რომელიც შერეული ალკოჰოლური სასმელისგან  შედგება, აგრეთვე მას ემატება შაქარი, წყალი და მცენარეული ნაყენი”.

არსებობს რამოდენიმე ვერსია, რომელიც კოქტეილის წარმომავლობას უკავშირდება.  უძველესი დროიდან  ზემოთ აწეული კუდი  ამაღლებულ განწყობას გულისხმობდა, ამიტომაც შესაძლოა სასმელს, რომელიც განწყობას ამაღლებს კოქტეილს უწოდებდნენ, კოქტეილი განწყობას, რომ ამაღლებს ეს მართლაც  უდავოა. ერთ-ერთი ვერსიით კი coquetier ფრანგულად პატარა ჭიქას ნიშნავს და ასეთი ჭიქებით ვიღაც ფრანგი სტუმრებს შერეულ სასმელს ასმევდა ახალ ორლეანში  და ამ სახელის ტრანსფორმაციით მივიღეთ კოქტეილი.  შემდეგი ვერსიის მიხედვით ვირჯინიელი ვინმე ბეტსი ფლანაგანი ჯარისკაცებს შერეულ სასმელს ასმევდა. მასში ყველა ის ფერი იყო, რომელიც მამლის კუდშია (cock-მამალი, tail-კუდი). ის ამ სასმელს კოქტეილს უწოდებდა.   შესაძლებელია, რომ ღვინოების შერევის უძველესი ფრანგული რეცეპტი, რომელსაც coquetel-ს უწოდებდნენ, 1777 წელს, ამერიკაში გენერალ ლაფაეტის მიერ იქნა ჩატანილი  და ამ აქედანვე  წარმოიშვა კოქტეილიც.   ამ ვერსიებიდან რომელია რეალური, არავინ იცის, თუმცა ფაქტია, რომ დღესდღეობით,  კოქტეილი სხვადასხვა სპირტიანი ნაყენის, ღვინის, არყის, კონიაკის, რომის, ჯინის, ხილის, ნაღების, კვერცხის, თაფლის, ნაყინის, საკვები ყინულისა და სხვათა შერევით მიღებული სასმელია. კოქტეილს ამზადებენ ორი სახისას – მაგარსა და სადესერტოს. მას  ამზადებენ ლითონის სპეციალურ ჭურჭელში (შეიკერში), ზოგჯერ კი – უშუალოდ ჭიქაში.  დღეს  ეს სასმელი ძალიან გავრცელებული და ძალიან პოპულარულიც არის,  ყველა ბარში, პაბში, კლუბში და ამგვარ დაწესებულებაში ვხვდებით კოქტეილების მრავალ დასახელებას.  შესაბამისად არსებობს კოქტეილის უამრავი ნაირსახეობა, ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ  კოქტეილის დამზადება ყოველ ჩვენგანს შეუძლია, ამისთვის კი საჭიროა ცოტა ფანტაზია, ბევრი ალკოჰოლური სასმელი და კარგი განწყობა. 🙂
კოქტეილის სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ ეს მცირე ალკოჰოლიანი სასმელია, რომელიც სამ ან მეტ ინგრედიენტს შეიცავს. თუ შერეული ინგრედიენტი მხოლოდ ორია, მაშინ ეს სასმელი მხოლოდ შერეულია, მაგრამ კოქტეილად არ ითვლება. რაც შეეხება მცირე ალკოჰოლს, არ დავეთანხმები, რადგან ზოგიერთი კოქტეილი ერთი ჭიქაც საკმარისია, იმისთვის, რომ საკმაოდ შევთვრეთ და გონებაც აგვერიოს,   ამიტომ ასეთ კოქტეილებთან მაინც ფრთხილად უნდა ვიყოთ :).  კოქტეილების იმდენი სახეობა აღმოვაჩინე ამ ჯადოსნურ ყუთში, რომ  მათი ნაწილობრივი  ჩამოთვლაც შორს წამიყვანს, ამიტომ რამდენიმე პოპულარულ და საინტერესო კოქტეილს დავასახელებ, მათი მომზადების წესებითურთ:)

  1. კოსმოპოლიტენი, რომელიც მსუბუქი და ნაზი გემოთი გამოირჩევა, ეს ჩემი საყვარელი კოქტეილი არსებული ცნობებით ბარვუმენმა ჩერილი კუკმა შექმნა   და შედგება შემდეგი ინგრედიენტებისგან: არაყი-40 მლ,  კუანტრო-20 მლ (ფრანგული ლიქიორი), შტოშის წვენი- 60 მლ,   ლიმონი 3/4 ცალი. ავურიოთ ალკოჰოლური სასმელები , ჩავაწუროთ ლიმონი და ჩავყაროთ ყინულები. კოსმო განწყობას ნამდვილად ამაღლებს და მე ვიტყოდი სასიამოვნო შეგრძნებებსაც აღვიძებს.
  2. მანჰეტენი მას მეორენაირად სიყვარულის კოქტეილსაც უწოდებენ, ეს  პოპულარული ამერიკული კოქტეილი  1870-იან წლებში, ნიუ-იორკის კლუბ “მანჰეტენში” გამოიგონეს, უინსტონ ჩერჩილის დედის, ლედი რენდოლფ ჩერჩილის მიერ მოწყობილ ბანკეტზე. საღამოს წარმატებამ, სასმელის პოპულარობაზეც იქონია გავლენა. რაც შეეხება სახელწოდებას, სწორედ კლუბის საპატივსაცემოდ დაარქვეს “მანჰეტენის კოქტეილი”. მოგვიანებით კი მხოლოდ სახელი “მანჰეტენი” დარჩა. სულ ცოტა ხანში კოქტეილი იმდენად პოპულარული გახდა, რომ მისი სხვადასხვა ვარიანტებიც შექმნეს, მისი  ინგრედიენტებია: 1 წილი ვისკი, 1/2 წილი ტკბილი ვერმუტი, 1/2 წილი არაყი (მაღალი ხარისხის), 1/2 კოვზი ალუბლის ლიქიორი, ყინული. ამ კოქტეილის მომზადებას   შეიკერი  არ სჭირდება. ჩაყარეთ მარტინის ჭიქაში ყინული, დაასხით ალუბლის ლიქიორი, არაყი და ვისკი. ბოლოს ვერმუტი და მიირთვით გემრიელად.
  3. მარგარიტა,  ეს ძალიან პოპულარული კოქტეილია, რომლის მრავალი ნაირსახეობა არსებობს, თუმცა კლასიკური რეცეპტი ასეთია: 1 ნაწილი ტეკილა,  1 ნაწილი ლაიმის წვენი, 0,5 ნაწილი ლიქიორი “კუანტრო”, ეს კოქტეილი შეიკერში კეთდება და ცივი უნდა მიირთვათ.
  4. ლონგ აილენდი, რომელიც შეიქმნა ამერეკის მშარალი კანონის დროს, ეს კოქტეილი საკმაოდ ადვილია მოსამზადებლად, თუმცა ამავე დროს საკმაოდ ძლიერ სასმელადაც ითვლება, მისი შემადგენლობა ასეთია:  14 მლ. ტრიფლ სეკი, 14 მლ. თეთრი რომი,14 მლ. ჯინი, 14 მლ. არაყი, 14 მლ. ტეკილა, 28 მლ. ჩაი, კოლა, ეს ინგრედიენტები უბრალოდ ავურიოთ და კოქტეილიც მზად არის.
  5. პინა კოლადა . ეს ძალიან გემრიელი და ძალიან პოპულარული კოქტეილი კარიბული წარმოშობისაა, მისი დასახელება ითარგმნება, როგორც ,,გაფილტრული ანანასი” და იგი შედგება: 60 მლ. თეთრი რომი, 60მლ. ანანასის წვენი,  75 მლ. ქოქოსის ნაღები,  ანანასის ნაჭრები და ნაღებისგან.
  6. მოხიტო, ამ კოქტეილის ისტორია კუბაში იწყება და შემდგომ ძალიან პოპულარული გახდა ამერიკაში, იგი შედგება შემდეგი ინგრედიენტებისგან:  მწვანე ლიმონი (ლიმეტე limette), 1 ჩაის კოვზი შაქრის პუდრი (ან ნახევარი შაქარი და ნახევარი თაფლი), 6-7 პიტნის ფოთოლი, 60 მლ რომი (გამჭირვალე)(ბაკარდი თეთრი),დამტვრეული ყინული და ცოტაოდენი გაზიანი წყალი. ნახევარი ლიმონი ჭიქაში ჩაწურეთ, შაქარი (ან თაფლი) დააყარეთ და კარგად მოურიეთ.  მეორე ნახევარი დაჭერით და პიტნასთან ერთად  ცოტა მოსრისეთ.  ჩაყარეთ დამტვრეული ყინული, დაასხი რომი და ფრთხილად მოურიეთ.  ცოტაოდენი გაზიანი წყალი დაასხით.
  7. სექსი პლაჟზე , ესეც აგრეთვე ცნობილი და პოპულარული კოქტეილია, მისი შემადგენლობა ასეთია:  40 მლ. არაყი, 20 მლ. ატმის ლიქიორი(შნაპსი), 40 მლ. ფორთოხლის წვენი, 40 მლ. მოცვის წვენი ყველაფერი ეს ყინულთან ერთად ჩავასხათ შეიკერში და ძლიერად შევანჯღრიოთ,  ჩავასხათ ჭიქებში და მივირთვათ.

ადამიანის ფანტაზია, რომ უსაზღვროა ეს კოქტეილების სახეობებშიც კარგად ჩანს, მე მხიბლავს ნაირნაირ ჭიქებში – ნაირნაირი ფერები,  ლამაზი გაფორმებები, სასიამოვნო არომატები,  მრავალფეროვანი  გემოები, როგორც ამბობენ კოქტეილებს შეუძლიათ მოგვიხსნან დაძაბულობა, აგვიმაღლოს განწყობა, აგვავსოს ენერგიით, გაგვიღვიძოს ფანტაზია,  ზოგიერთი მათგანი სიყვარულის ხასიათზეც დაგავყენებს.  ეს ყველაფერი კი დაგვეხმარება გავასაინტერესოოთ, ხანდახან,  ესოდენ მოსაწყენი ცხოვრება…..

,,delete” და დამავიწყდა

     ბევრი მიფიქრია იმაზე, თუ რა კარგი იქნებოდა ზოგჯერ რაღაცები უბრალოდ რომ დაგვავიწყდეს, ისე რომ ვერასდროს ვერ გავიხსენოთ, დაგვავიწყდეს არასასიამოვნო მომენტები, დაგვავიწყდეს ის ხალხი ვისი გახსენებაც არ გვინდა, ან დაგვავიწყდეს წარსული ურთიერთობები, ფრაგმენტები ჩვენი ცხოვრებიდან, რომელთა გახსენებაც ცუდ ხასიათზე გვაყენებს და გვტანჯავს. რა კარგი იქნებოდა მეხსიერების ფორმირება  შეგვეძლოს ისე, როგორც ჩვენ გვინდა, მაგალითად  ჩვენს ტვინსაც, რომ ჰქონდეს ,,delete”  ფუნქცია, არ მოგვეწონებოდა რამე და მარტივად ერთი დაწკაპუნებით წავშლიდით , მე პირადად სიამოვნებით  გადავუძახებდი ყველა არასასიამოვნო სიტუაციას, არასასიამოვნო ადამიანს, არასასიამოვნო მოგონებას მისტიკურ ნაგვის ყუთში. (მართალია  ეს მისტიკური ნაგვის ყუთი ახლაც მაქვს და შიგნით ბევრი მისტიკური ნაგავიც მიყრია, მაგრამ დროდადრო ცუდი მოგონებები მაინც  მახსენებენ ხოლმე თავს.)  მშვენიერია, მომწონს:)  რა ბედნიერებაა ღამე  დაწოლისას ვიფიქრებდი მხოლოდ იმაზე, რაც კარგია, მხოლოდ სასიამოვნო ამბებს და სასიამოვნო ადამიანებს გავიხსენებდი,  ან იმათზე  ვიფიქრებდი ვიზეც ნამდვილად  ღირს ფიქრი. რამდენ დროს დავზოგავდი……..

სიამოვნებით მივატოვებდი წარსულს, ან წარსულის რამდენიმე ფრაგმენტს ისე რომ არასდროს  მივუბრუნდებოდი, არასდროს  გავიხსენებდი, არასდროს აღვადგენდი გონების არც ერთ კუნჭულში, სამუდამოდ დავივიწყებდი, მე მინდა რომ ზოგიერთი პერიოდები, ადამიანები, სიტუაციები  არ გამახსენოს, არც სურათებმა, არც სიმღერებმა, არც სურნელმა, არც ადგილებმა და ა.შ  მაგრამ არ გამომდის და არც არასდროს გამომივა. იმიტომ რომ, ცხოვრების კანონზომიერებებს ვერასდროს,  ვერავინ ვერ შეცვლის. თუმცაღა,  ყოველი სიღრმისეული დაფიქრების მერე, მაინც  იმ დასკვნამდე მივდივარ, რომ ეს ყველაფერი ,  მხოლოდ იოლი გზაა, რომელიც, თითქოს გადაჭრის პრობლემას. სინამდვილეში ყველაფერი, არც თუ ისე ძნელია, უბრალოდ მეტი სულიერი სიმტკიცეა საჭირო, მეტი სიძლიერე, იმისთვის, რომ წარსულის  ფრაგმენტებმა და წარსულის ადამიანებმა ნერვები არ მოგვიშალონ,  შესაძლოა ვერ დავივიწყოთ, მაგრამ ხომ დავაიგნორებთ მაინც, ჩავანაცვლებთ სხვა  ფიქრებით სხვა საქმეებით, სხვა ურთიერთობებით, მრავალფეროვნებით ,  თანაც ცხოვრებისეული დაბრკოლებები და სირთულეები სხვა თუ არაფერი, გვასწავლის შემდგომი ნაბიჯების სწორად გადადგმას, თითოეული შეცდომა, გვაიძულებს არ შევცდეთ ხელმეორედ ან ხელმესამედ:). მთავარია შევეცადოთ და მოვინდომოთ,  ალბათ გამოვა რამე, მაგრამ მე მაინც იოლი  გზა მინდა  🙂 .

ამას წინათ წავიკითხე რაღაც სამეცნიერო ექსპერიმენტებს ატარებენ და იკვლევენ როგორ შეიძლება მოხდეს მეხსიერების ფორმირება, კერძოდ  ცუდი წარსული მოგონებების მარტივად დავიწყება, საცდელ თაგვებზე  ამ ექსპერიმენტებმა უკვე გაამართლა და მეცნიერები იმედოვნებენ , რომ ამოხსნიან ამ მექანიზმს ადამიანის ტვინთან მიმართებაშიც. მე ნაკლებად მჯერა ამ ექსპერიმენტის 🙂  თუმცა კაცმა არ იცის, იქნებ გამოვიდეს კიდეც და მერე უბრალოდ და მარტივად  delete და ყველაფერი დამავიწყდა………

თბილი შობა თბილ იანვარში….

  თბილი შობა ჩემს სოფელში გავატარე, მატარებლიდან ფეხი ჩამოვდგი თუ არა სითბო და მზე შევიგრძენი, ასე ნანატრი მზე, აქ თურმე  ნაადრევად გაზაფხულდა.   თბილი ამინდი მესიამოვნა და ხასიათიც უცებ გამომიკეთდა, ეს ის ადგილია, სადაც  ზაფხულობით  ხშირად ჩამოვდიოდი ბებისათან და უზრუნველად ვატარებდი ბავშვობის თბილ და ტკბილ დღეებს.  ახლაც  ხანდახან ჩამოვდივარ ხოლმე, რადგან  აქ  ყოველთვის თვისუფლებას შევიგრძნობ ,  არასდროს ვფიქრობ  წარსულზე და მომავალზე, აქ არ ვგეგმავ  არაფერს  და თითქოს დროც შენელებულია, მოკლედ აქ  ვისვენებ სრულიად ყველაფრისგან.  ამჯერადაც დავივიწყე თბილისი ცოტა ხნით და ეს თბილი, რამოდენიმე დღე ტკბილად და სოფლურად გავატარე  ჩემ საყვარელ ბავშვობის მეგობრებთან ერთად.   შეშის ღუმელთან, მყუდროდ მოკალათებულები ვსაუბრობდით ყველანაირ სისულელეზე, ვიცინოდით უამრავ უაზრობაზე, … ცოტა  ვიხეტიალე კიდეც მთავრით განათებულ ქუჩებში.    მეგობარიც მოვინახულე, მოვიკითხე და კარგად ვარო, სამოთხეშია ალბათ, გავიხსენე ჩვენი ბავშვობის ტკბილი მოგონებები, როგორ ვთამაშობდით ომობანას, მისი გაკეთებული ხის იარაღებით, მოუთმენლად  როგორ  ველოდებოდით ჭიაკოკონობის ღამეს, ცეცხლზე გადახტომით ეშმაკები, რომ განგვედევნა ჩვენი ქუჩიდან, როგორ მხიარულად ვატარებდით ზაფხულის მთელ დღეებს ერთად და არ გვებზრდებოდა ერთმანეთი, მასაც ახსოვს ალბათ, იქ ცაში,  ბოლოს ცოტა ხნით დავემშვიდობე, შემდეგ ჩამოსვლამდე,  მისი სახე მიღიმოდა, მეც შევეცადე მხიარული სახით წამოვსულიყავი, მაგრამ ვერ შევძელი, ცრემლებმა თვითონ იპოვნეს გზა….

შობის ღამე ეკლესიაში გავათენე და ბედნიერად ვიგრძენი თავი, ბოლომდე შევძელი დარჩენა და სიხარულით შევხვდი ამ დიდ დღესასწაულს.  თუმცა უსიამოვნო მომენტებიც იყო, მომიწია რამოდენიმე ისეთი ადამიანის ნახვა, რომლებიც ცუდ მოგონებებს მიღვიძებენ, მხოლოდ ცივი მისალმებით შემოვიფარგლე. დავასკვენი, რომ  ადამიანის მიმართ, რომლისადმი  პატივისცემის გრძნობა აბსოლუტურად მაქვს დაკარგული, მიჭირს ელემენტარული ეტიკეტის ნორმების დაცვა. ის ცივი მისალმებაც ძალიან მეზედმეტა, მაგრამ  მაინც ზრდილობიან ადამიანად მიცნობენ და ჯანდაბას:).  მერე დაიწყო შობის შემდგომი ხეტიალი მეზობელ–მეზობელ, ნათესავ–ნათესავ, ეს პროცედურები მღლის, უნდა იღიმო სულელივით, უნდა უპასუხო ერთი და იგივე კითხვებს  და ქალაქელ გოგოს რომ შეესაბამება ისე დაიჭირო თავი. მერე მოვისმინე უამრავი ჭორი ავიც და კარგიც, საინტერესოც და უინტერესოც, მომაბეზრებელი იყო , მაგრამ კაცმა რომ თქვას აქაც არის რაღაც ინტრიგა 🙂 . მოკლედ იანვრის ეს თბილი  დღეები ცივილიზაციას მოწყვეტილმა გავატარე, არც ინტერნეტით მისარგებლია, არც ტელევიზორისთვის შემივლია თვალი, თითქოს  სიმშვიდეც  დამეუფლა, თბილმა ამინდებმა სულიც გამითბო, მეტი სიკეთის კეთება მომინდა.  

თბილისში ყოვლისშემძლე და გადამეტებული ოპტიმისტური განწყობით აღსავსე დვბრუნდი 🙂 .            (ალბათ კიდევ ცოტა ხანს გასტანს ეს ჩემი კარგი ხასიათობა!!!!)