Archive | თებერვალი 2012

განათდა, განათდა!!!

,,ვინ ამბობდა ამას? სად ან როდის? ღამეა. თოვლით გადალესილა მთა-ბარი; სულშეხუთულია, ისე შებოჭილი, რომ დედამიწის ძვლებს ჭყრიალი, ჭახჭახი გააქვს. ბუნება თითქოს კუბოში წევს, სუდარაში გახვეულა. არაფერი ხმა, არც მოძრაობა, არც ცელქის მთის ნაკადულის ჩხრიალი არსად ისმის. ნიავიც განგებ შეჩერებულა, რომ არ დაარღვიოს გარშემო მშვიდობიანობა, არ დაუშალოს ბუნებას ძილი, განსვენება.”

ოდესღაც პატრიოტი ვიყავი, დღეს კი ეჭვი მეპარება, ვარ კი?, იმიტომ, რომ  ჩემი აზრით, ეს ქვეყანა  და ეს ხალხი არ იმსახურებს ასეთ მაღალ გრძნობებს, უკვე მგონია, რომ  ჩვენ ერთი უბრალო, ამპარტავნებით სავსე ერი ვართ.  ან ახლა გავხდით. ჩვენ ვართ მგლები, ცხოველური ინსტიქტებით მართულები,  რომლებსაც არ აქვთ წესები და კანონები, არა, რატომ? კანონები ოხრად გვაქვს, მაგრამ ყვლა მკვდარი და თაროზე შემოდებული. მგლების ხსენებაზე უცებ გამახსენდა ვაჟას ,,ამოდის, ნათდება” და,  რადგან ძალიან ადრეულ ხანებში მქონდა წაკითხული, თავიდან გადავხედე და შევძრწუნდი, მაშინ  ისე ვერ განვიცადე მისი არსი, დღევანდელობაში კი, აშკარად  ვიგრძენი მსგავსება,  თითქოს ეს მგლების ჯოგი  ყველა ჩვენთაგანშია, საწყალი ტოტიასნაირი მსხვერპლიც უამრავი დავინახე, მთავრის შუქმა  გაანათა ყველაფერი და ჩვენც  დამფრთხალი მგლებივით გავიქეცით, დავიმალეთ.  დავემალეთ სინათლეს, დავემალეთ სიკეთეს, დავემალეთ გულისხმიერებას, დავემალეთ ადამიანობას, დავემალეთ ყველაფერ იმას, რასაც კეთილი  ჰქვია.  არ აქვს მნიშვნელობა ერი თუ ბერი, ყველა დავიმალეთ ჩვენს  ნაჭუჭში – ჩვენს მყუდროებაში. საყოველთაო ეგოიზმმა მოიცვა საქართველო.    არ ვიცი ეს დრომ მოიტანა, თუ სულ ასე იყო.  ყველაზე მტკივნეულად დღეს განვიცდი ყველაფერ ამას, იმიტომ რომ ბევრი რამე თვალნათლივ დავინახე,  დავინახე, რომ უღმერთოები ვართ, (თუმცაღა ტაძარ-ტაძარ დავდივართ, სანთელს ვანთებთ და ვითომ სიკეთეს ვღაღადებთ) დავინახე, რომ ყველას ყველაფერი ფეხებზე კიდია, დავინახე, რომ ერი არ გავს ერს და ბერი არ გავს ბერს.. დავინახე, რომ სასულიერო და საერო ცხოვრება აბსოლუტურად ერთნაირად არის გარყვნილი , სისასტიკემ  და ფარისევლობამ მოიცვა ადამიანები.

,, ყველანი კბილებს აკაწკაწებდენ. შიოდათ, ძალიან შიოდათ! ერთმანეთს ათვალიერებდენ და ნატრობდენ, ერთს მეორის ტანზე ერთი წვეთი სისხლი მაინც შეენიშნა, რომ ამით საბუთი ჰქონოდათ ძგერებოდენ და თავისი თანამოძმე ლუკმა-ლუკმა გაეგლიჯათ. რომელ ერთს ეყოფოდა ერთი მგელი, თითო ლუკმა ხომ არც კი შეხვდებოდათ! არა, ცოტათი მაინც შიმშილის ჟინს მოიკლავდენ.”

   ყველას თავისი მოტივი აქვს,  ზოგს თანამდებობა შია, ზოგს მართლა შია,  ზოგს სამსახური აქვს ასეთი და სხვანაირად ვერ მოიქცევა….მოტივი უამრავია და საბუთიც ყველას  თავისი აქვს, ამ საბუთს კი  საჭირო დროს ააფრიალებენ.  მთვარის  წვერი სულ უფრო მაღლა იწევს, სულ უფრო ნათდება და კიდევ უფრო მძიმდება  მდგომარეობა ყველგან და ყველაფერში.   ალბათ ოდესღაც მოვა დრო, როცა ნათელი არ შეგვაშინებს და პირიქით სიკეთისკენ გვიბიძგებს, მოვა დრო, როცა ჰუმანურობა დაისადგურებს, მოვა დრო, როცა  ერთმანეთის გაჭირვებას რეალურად შევიგრძნობთ, მოვა დრო, როცა შეგვეძლება თავს ადამიანები ვუწოდოთ, მოვა დრო….  თუმცა, მანამდე……..

                ,, მგლები კი  გარბოდნენ უგზო-უკვლოდ ტყეში და ყველას პირზე ეკერა: “განათდა, განათდა!”

Advertisements

იყიდება საქართველო

1910 წელი, სავსე დარბაზი,  ერთმანეთში მობაასე მწერლები, პოეტები, დამსწრეეები.  მოლოდინი……  ტრიბუნასთან სიმპათიური  მამაკაცი  ცილინდრით, რამდენიმე წამის შემდეგ   იხსნის ცილინდრს,  არაფრისმთქმელი გამომეტყველებით გადახედავს აუდიტორიას და საოცრად    მშვიდი ხმით იწყებს კითხვას:

“იყიდება საქართველო. მინდორ-ველით, მთა-გორით, ტყით, ვენახით, სათესით; წარსულის ისტორიით,მომავალი სვე-ბედით; მშვენიერის ენით; ნაქარგი ფარჩა-ხავერდით; ვაჟკაცურის ხასიათით, სტუმართ-მოყვარეობით; დიდებულის სანახაობით, წმინდა ჰაერით; ნაამაგევი სახლით და კარით; ჩუქურთმიანი მონასტრებით და ეკლესიებით; მჩქეფარე ნაკადულებით; ლურჯის ზღვით; მოწმენდილ-მოკაშკაშებული ცით; ერით, ბერით; თვალწარმტაც ბანოვანთა გუნდებით; გონებაგახსნილ ვაჟებით; მალხაზი ბავშვებით; ვერცხლისფერ თმით შემოსილ პატივსადებ მოხუცებით. იყიდება საქართველო დედით და მამით, შვილით და ძირით, ძმით, დით, ცოლით და ნათესავ-მოყვრებით.

ჰყიდის ყველა: თავადი, მღვდელი, ვაჭარი, ავაზაკი, დიდი და პატარა, ჭკვიანი და სულელი, ლოთი და პირაკრული.
იყიდება ყველგან: ქუჩაში და სახლში, თეატრში და სასამართლოში, სასწავლებელში, სატუსაღოში, ეტლში, მატარებელში, დილით და ღამით, სიცხეში და სიცივეში, დარში და ავდარში.
იყიდება ერთიანად: შავი ზღვიდან კასპიის ზღვამდე და ოსეთიდან სპარსეთამდე. იყიდება ნაწილ-ნაწილ: კახეთი და იმერეთი, ქართლი, სვანეთი და სამეგრელო, გურია და ლეჩხუმი, რაჭა და ჯავახეთი. იყიდება პატარ-პატარ ნაჭრებათ, ვისაც რამდენი სურს და როგორც უნდა: ნისიათ, უფასოდ, ნაღდად, დროებით და სამუდამოთ; ბანკის დახმარებით და ჩვენის საშუალებით.

იყიდეთ ბარემ მთლად, გაწეწეთ და გაგლიჯეთ, რასაც საქართველო ერქვა და რაც დღეს ოხრად დარჩენილი აძღებს ყორნებს და გულს უკლავს უძლურ ჭირისუფალს! “
      მშვიდი ხმითვე დაასრულა  მინიატურის კითხვა,   დაიხურა ცილინდრი და  უჩუმრად დატოვა დარბაზი,  დარჩა გარინდული აუდიტორია,  ჩემი აზრით გაოცებული და  დამნაშავესავით კუთხეში მიმწყვდეული………..
        ბატონო ნიკო,  ეს არის   აუქციონი, რომელიც უსასრულოდ  გაიწელა, აუქციონი, რომელიც არ მთავრდება, აუქციონი, რომელიც მტკივნეულია…………