Archive | მარტი 2012

აღმოხდების მზე ანუ ჩემი ფიესტა

   აღმოხდა მზე,  ჩემი მზე, თურმე როგორ მომნატრებია .  სახეზე  მელამუნება თბილი სხივები,  ამ დროს, მარტოსაც მიყვარს ხეტიალი,  რატომ მარტოს?  ჩემი ძაღლუკა და ჩემი მუსიკაც ჩემთან არიან, სულ ჩემი, ჩემი, მემგონი ეგოიზმმაც შემომიტია ან სიგიჟის ზღვარზე მივდივარ ნელ-ნელა…..თუმცა , მანამდე, მიუხედავად ყველაფრისა,  ამ ვითომ გაზაფხულს  გავაზაფხულებ.

დავუბრუნდი ჰემინგუეის, აღმოჩნდა ისიც ძალიან მომნატრებია.   შუაღამეს პარიზში, რომ ვიყავი იქ დავინახე  ერნესტი და სიხარულისგან შევხტი, ისე, ძალიან  სიმპატიური იყო, (მემგონი ცოტა გადააჭარბა ვუდიმ), გახსენებისთანავე გადმოვიღე ჩემი გაცვეთილი წიგნი.  მარტივი ენით დაწერილმა ისტორიებმა ცოტა გამახალისა , ვკითხულობ და მგონია, რომ აქვე გვერდით ჩამომჯდარა და მიყვება ამბავს –   საინტერესოს, ჩახლართულსაც, ამერიკულად მარტივსაც,  პერსონაჟებს ისე წარმოვიდგენ, თითქოს  ჩემი კარგა ხნის ნაცნობები არიან, არადა აღწერილობა თითქმის არ მოიძებნება,  სამაგიეროდ ფანტაზია მთლიანად ჩართულია და უფრო და უფრო წარმოსახვითი ხდება ყველაფერი, მერე ვიჯერებ ამ წარმოსახვას და რეალობასავით ფიქრებში სულ  თან მდევს .  ზოგჯერ მგონია , რომ მეც მქონია მსგავსი ისტორიები ან მიახლოებით მსგავსი მაინც, ხო  მეც დავძრწოდი პარიზში – მონპარნასზე, როტონდას მოსაწყენ მაგიდებთანაც ხშირად  ვმჯდარვარ, მერე იყო  ესპანეთი და ფიესტა,   აღმაფრთოვანებელი სანახაობა –  მთელი შვიდი დღე, შემზარავი  კორიდა  მამაცი მატადორებით,   ხარებით,  პარალელურად კი –  ადამიანური ურთიერთობები,  ინტრიგები, გძნობები, მეგობრობა, სიყვარული , ცინიზმი, ფული, ფულის გამო სიყვარული და სხვა  უამრავი ისეთი რამ, რამაც  არ დამძაბა….

მოკლედ,  ჰემინგუეი, როგორც ქალბატონი გერტრუდა იტყოდა ,,დაკარგული თაობის” ერთ-ერთი წარმომამადგენელი, საინტერესო ცხოვრებით და საინტერესო შემოქმედებით, საკმაოდ მოუხდა ჩემს  გაზაფხულს,  ხოდა ისეთი სურვილები გამიღვიძა, რა აასრულებს ამათ? ძალიან მომინდა ხეტიალი პარიზში, მერე მოგზაურობა  ქალაქ-ქალაქ,  ქვეყნიდან ქვეყანაში,  კონტინენტიდან კონტინენტზე, მომინდა ბევრი ხალხი – ბევრი ფლირტი, მომინდა ესპანეთი თავისი ფიესტით, მომინდა მზიანი, თბილი დღეები – აქტიური ცხოვრება, მომინდა ალკოჰოლი ბევრგვარი – გარეთ გასვლა და ღიმილი – უამრავი ღიმილი,  მომინდა  უცნაურად ჩახლართული სასიყვარულო ისტორიები,  მთლად ბრეტის და ჯეიკისნაირად არეულ-დარეულიც არა, მაგრამ  საინტერესო სათავგადასავლო ისტორიაზე არ ვიტყოდი უარს.  სურვილები ალბათ მარტივია, ხოდა იქნებ ნელ-ნელა მივყო  ხელი  ზოგიერთის განხორციელებას.

მთავარია, როგორც იქნა აღმოხდა ასე ნანატრი მზე……

Advertisements

რა მეზღაპრებოდა

    რა მეზღაპრება, მაგრამ მომეზღაპრა, თან ეს ხომ დიდების ზღაპარია, ისევ  ვიმოგზაურე პატარა უფლისწულთან ერთად პლანეტ-პლანეტ და რაღაც ბავშვობა მომენატრა, არა ბავშვობა კი არა, უფრო ის ბავშვური,  სუფთა აზროვნება –  როცა ჩემი ოთახის მზის სხივს ვემეგობრებოდი, როცა  ვხატავდი (საუკუნეა არ დამიხატავს ერთი პატარა ფიგურაც კი)  უაზრობებს, ვხატავდიი მზეს – ჩემს მზეს, როცა მიყვარდა ვარსკვლავების ყურება, მერე სურვილების ჩაფიქრება, როგორ მჯეროდა, რომ ყველა ამიხდებოდა,როცა შემეძლო დამენახა დახატულ ყუთში დამწყვდეული ბატკანი,  მერე გამახსენდა ჩემი დღიური,  ხო ის წითელი და პაწაწუნა, ყველაფერს ხომ მასში ვწერდი, მთლად კიწივით ჭკვიანი ვერ იყო, მაგრამ ჩემი იყო და მიყვარდა, მერე  ისიც  გამახსენდა სულელობა, რომ ვუწოდე და უმოწყალოდ, რომ დავხიე, ძალიან სასტიკი ვიყავი და ამაზე გულიც დამწყდა , ალბათ  თავი ძალიან დიდი გოგო მეგონა და რაღაში მჭირდებოდა ეს ბავშვობის გადმონაშთი, არადა …… რა უცნაური ხალხია ეს დიდები…..

გადამღალა დიდობამ და მივდიე პატარა უფლისწულს. მისია  ბავშვური და პატარა, მაგრამ ყოვლისმომცველი  სამყარო,  შემშურდა კიდეც,  ძლიერ მემყუდროვა ის პატარა პლანეტა, მეც გადავიდოდი დედამწიდან 🙂 და სიამოვნებით ვუყურებდი მზის ჩასვლას დღეში  ორმოცდასამჯერ.  არა, ორმოცდაათჯერაც. არც მომბეზრდებოდა და პირიქით  გამაბედნიერებდა კიდეც. ჭირვეულ ყვავილსაც ავიტანდი, ან შესაძლოა მე ვყოფილიყავი ჭირვეული ყვავილი, რატომაც არა, თუმცა უფრო დავაფასებდი უფლისწულის სიყვარულს. ამ ზღაპრულად რეალურ სამყაროში თავი  ბავშვად წარმოვიდგინე, რომელსაც ჯერ კიდევ ბვრი რამ აქვს სასწავლი,   თითქოს მიცხოვრია და არც მიცხოვრია, მერე იმ მედიდური  მეფის სიტყვებს ჩავუღრმავდი და საკუთარი თავის გასამართლებაც დავიწყე, იქნებ სწორი მსჯავრის დადებით ბრძენად მაინც ვიგრძნო თავი-მეთქი, ძნელი აღმოჩნდა,  თანაც  ისევ  დიდივით დავიწყე ფიქრი და  შევეშვი ამ ჩემი თავის მართლმსაჯულებას,  მართლაც რა უცნაური ხალხია ეს დიდები……

განვაგრძე უცნაური მოგზაურობა ამ უცნაურ სამყაროში,  იმდენი რამ მენიშნა,  იმდენი რამ შემიყვარდა, თითქოს გულით დავიწყე ხედვა, საიდუმლოც ხომ ეგ არის, მხოლოდ გული ხედავს კარგად, თვალს არ ძალუძს დაინახოს ის, რაც მთავარია და არსებითი , ხშირად გავიმეორე ეს ფრაზები, უფლისწულივით მეც კარგად დავიხსომე.   მეისრეს სიტყვებმაც ამიხილეს, თითქოს თვალი. ამ დიდობაში მეც არ ვიცი რას დავეძებ, ალბათ ბავშვი რომ ვიყავი. მაშინ ვიცოდი, ახლა კი დამავიწყდა…..  მარტო ბავშვებმა იციან რასაც დაეძებენ…ისინი ბედნიერები არიან….. ყველა ფრაზას ჩავუკირკიტდი და  გადავწყვიტე მეც გავერკვიო რას დავეძებ, გადავწყვიტე  ვიპოვნო ჩემი ჭა,  რომლის ერთი წვეთი წყალიც ბედნიერს გამხდის, გადავწყვიტე მხოლოდ გულით დავიწყო ხედვა,  რადგან სწორედ ასე დავინახავ ჭეშმარიტებას,   გადავწყვიტე ხშირად ავხედო ზეცას და ვიკითხო შეჭამა თუ არა ბატკანმა ვარდი, იქნებ მეც დავინახო, როგორ შეიცვლება ამით ყველაფერი……. იქნებ მეც მივხვდე რამოდენა რამაა ეს!

  ეს ზღაპარიც დამთავრდა და რეალობაშიც წამიერად მოვბრუნდი, ისევ დიდივით დავიწყე ფიქრი, ისევ  მომაწყდა აზრები,  იდეები,  ცხოვრებისეული წვრილმანები და მსხვილმანები,  რა მეზღაპრებოდა,  მაგრამ მომეზღაპრა…….