Archive | აპრილი 2012

ცხოვრებისეული საგიჟეთი

სხვას ელოდა, სულ სხვას ელოდება და ყოველთვის სხვა ხდება…

ეკლესიაშიც ვერ ჰპოვა სიმშვიდე, ბევრ სიყალბეს და ნაყალბარ ხალხს ხედავდა,  დაძრწოდნენ ყველგან–ყველა კუთხე–კუნჭულში.  გული დაწყდა დიდ დღესასწაულს შესაბამისად, რომ ვერ შეხვდა,  გული დაწყდა , რომ  აზრიანად  ვერ შეიგრძნო ყოველივე, არადა ადრე ამ დღეს  ყოველთვის გულით გრძნობდა.  არც იცის რას დააბრალოს, შემზარავი აღმოჩნდა მისთვის ეს ფაქტი.

ბავშვობის საყვარელი ადგილიც  კი, რომელიც ოდესღაც საოცარ სიმშვიდეს ჰგვრიდა, დაემესგავსა საგიჟეთს, ის უკვე  ერთ გაუგებარ სივრცედ იქცა, რომელიც გაუგებარი ხალხით გაივსო.   გრძნობები აირია,  ფიქრები გაღრმავდა, ყველაფერი შეიცვალა, ყველაფერი გარდაიქმნა.  მოსანატრებელიც აღარაფერია, დარჩა ბავშვობის  მოგონებები – ტკბილიც, მწარეც, უაზროც, აზრიანიც.    უნდა შეეგუოს, ეძნელება, მაგრამ შეეგუება.

გაუკვირდა და აღშფოთდა ,  მერე ინანა ეს აღშფოთება, ძალიან ინანა, მაგრამ რაღა დროს,  პატიებაც ითხოვა და ეს იყო მის ცხოვრებაში ყველაზე გულწრფელი ბოდიში. ესეც ცხოვრებისეული მონაკვეთი საგიჟეთში.  მერე დაიწყო ადამიანური კომედია, თავისი დიდებულებით… საგიჟეთი ბოლომდე გაგიჟდა, ალკოჰოლით, სიცილით, ხმაურით, ცრემლებით, ხეტიალით, განსჯა–ანალიზით, განუხორციელებელი ახირებებით.მერე უცებ მინელდა, ღამემ შთანთქა სურვილები და ოცნებები დილამდე.

გათენდა, მიხვდა, რომ მოენატრა სიმშვიდე და ჩვეული გარემო,  გაეხარდა დაბრუნება.   არსს ისევ ვერ პოულობს,  უბრალოდ დროს მიჰყვება ფეხდაფეხ, ყველა წამი ეძვირფასება და ენანება დასაკარგად, მაგრამ წამები მაინც  იკარგებიან და იკარგებიან, თუმცა  ცვლილებებს გრძნობს და ეს ახარებს.  მაინც სულ სხვას ელოდა,  სულ სხვას ელოდება და ყოველთვის სხვა ხდება.

ქვეცნობიერის შემოქმედება

,,შეაღწიე საკუთარ  სიღრმეებში და გაიცანი საკუთარი თავი “ –  მომეწონა ფროიდის ეს ფრაზა, საინტერესოა, როგორ შეიძლება შინაგანი სიღრმეების გადმოცემა, იმის გადმოცემა თუ რა ხდება ადამიანის ქვეცნობიერში….

ქვეცნობიერის ნათლად გადმოცემასათან დაკავშირებით,   ყოველთვის სიურრეალიზმი  მახსენდება.       ფრანგი მწერალი და პოეტი  ანდრე ბრეტონი  სიურრეალიზმს მიიჩნევდა წარმოსახვის და რეალობის გამაერთიანებლად.      მას სჯეროდა,   რომ  ეს ორი ურთიერთსაპირისპირო ცნება, მომავალში ერთ აბსოლუტურ რეალობად გაერთიანდებოდა, სიურრეალიზმი ხაზს უსვამს ქვეცნობიერის როლს შემოქმედებაში,  ეს არის გონების კონტროლისგან თავისუფალი  ფიქრი, რომელიც ესთეტიურ მნიშვნელობას მოკლებულია…

მხატვრობის ამ მიმდინარეობის ხსენებისას,  ხშირად დალი გაახსენდება ადამიანს,  თუმცა ამჯერად, მე  ივ ტანგი უფრო მაინტერესებს, რატომღაც მისი ნახატები შემაძრწუნებლად მოქმედებს ჩემზე, კომპოზიციების ხილვისას  უცნაური შეგრძნებები მეუფლება,  თითქოს ადამიანის  გაშიშვლებულ სულს ვუყურებ,  ვხედავ  სულის   ნაკლოვანებებს,  სიცივეს, მარტოობას, ტკივილს, შიშს, სხვადასხვა მანკიერ თვისებებს, იმ ყველაფერს,  რაც ქვეცობიერშია   ღმად ჩამალული და  შემოქმედებითი გზით არის გადმოცემული…. შესაძლოა ვაზვიადებ კიდეც,  თუმცა მაინც მინდა ერთი ორი სიტყვით მოვიხსენიო ივ ტანგი ჩემს მშვიდ ბლოგზე.

ის შემთხვევით გადაეყარა ჯორჯო  დე კირიკოს ნამუშევარს და შთაბეჭდილებულმა,  უეცრად გადაწყვიტა გამხდარიყო მხატვარი,  გამოუვიდა კიდეც,  მიუხედავად იმისა, რომ სრულებით არ ჰქონდა სამხატვრო განათლება.  იგი მალევე მოხვდა სიურრეალისტი მხატვრების წრეში და  განავითარა საკუთარი, უნიკალური მხატვრობის სტილი, რომელიც გამორჩეული – ყველასგან განსხვავებული და ამავე დროს ადვილად ამოსაცნობია.    თვითნასწავლი ტანგის შრომას უკვალოდ არ ჩაუვლია, ამ ხანებშივე მოეწყო მისი პირველი გამოფენა პარიზში.  ამის შემდგომ კი იწყება მხატვრის ბოჰემური ცხოვრება,  განქორწინება და ხელახალი ქორწინება მხატვარ კეი სეიჯზე.    მეორე მსოფლიო ომის დროს, ბრძოლისთვის გამოუსადეგარი ტანგი  ამერიკაში გაჰყვა თავის ნიუ–ორკელ მეუღლეს და  რამდენიმე წლის შემდგომ, ამერიკის მოქალაქეობაც მიიღო.  ის დასახლდა ვუდბერში,  უბრალო სოფლის სახლში.  მხატვრის  გარდაცვალების შემდეგ მის სხეულს გაუკეთეს კრემაცია, რომელიც შენახულ იქნა მეუღლის  გარდაცვალებამდე .  მისი ფერფლი გაფანტა მისმა მეგობარმა პიერ მატისმა,  ტანგის ორივე მეუღლის ფერფლთან ერთად.

ივ ტანგის  შემოქმედება ხასიათდება ისეთი  ფორმით,  რაც  არარეალური და არაიდეალურია,  შეზღუდული ფერების პალიტრა, ხანდახან კი შესამჩნევი კონტრასტული ფერადოვნება, არაადეკვატური სტილი და მარტივი კონტურები, თუმცა მის სიმარტივეშია, ჩემი აზრით, დიდი სირთულეები,  ქვეცნობიერში დალექილი  აზრები, ფიქრები,   ვნებები.     მისი     ერთ–ერთი გამორჩეული ნახატია  “უსასრულო დაყოფადობა”,  სახელიდან გამომდინარე,  უკვე შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ საქმე გვაქვს  განსხვავებულ, უცნაურ და ორიგინალურ ნახატთან, ცილინდრული ფორმები, გეომეტრიული ნაგებობანი, ფერების სიმკვეთრე,  არალოგიკურობა,  ყველაფერი ეს, ერთიანობაში საოცრად შთმბეჭდავია და უამრავ  ემოციას აღძრავს.

ამ მხატვრის ნახატების ხილვა,  ჩემთვის კარგი განმუხტვის საშუალებაა,  ჭარბად მოწოლილი ემოციები მღლის , იმდენად მღლის, რომ საბოლოოდ თუ არა,   დროებით მაინც  ვანებებ თავს  ქვეცნობიერში ძრომიალს, მერე   სხვა კარგ რამეებზე ვიწყებ ფიქრს  და კაი ხნით  ვემშვიდობები ივს.

ისე ,   ამ მშვენიერ გაზაფხულზე რა დროს ტანგი და სიურრეალიზმია, მაგრამ იყოს….