Archive | მაისი 2012

საოცარი ქვეყანა–ბუტაფორია

მე ვცხოვრობ ერთ საოცარ ქვეყანაში, აქ ისეთი კარგი და  ლამაზია ყველაფერი.   ჩვენ გვაქვს ყველაზე საინტერესო ისტორია, მამაც ხალხზე,  ერთგულ  და  პატრიოტ მეფეებზე.  ჩვენ თავს ვიწონებთ  საოცნებო ადგილებით, ფერად–ფერადი ხიდებით , ფეშენებელური ზღვისპირა ქალაქებით,  აქ ცხოვრება სასიამოვნოა მოქალაქისთვის და არამოქალაქისთვის, აქ ხელფასები ყველას მაღალი აქვს,  აქ არ არიან უმუშევარი და ცხვირჩამოშვებული ადამიანები, ამ ქვეყენას ჰყავს ყველაზე ბედნიერი პატიმარი, რომელსაც ციხეში ყოფნა უხარია და ღმერთმანი, იქიდან გამოსვლაც კი არ სურს.  აქ ყველა  პენსიონერი ბედნიერი და მოვლილია, მათ არც იციან სად დგას ნაგვის ურნები.  აქ ყველა ახალგაზრდა რეალიზებული და თავის თავში დარწმუნებულია, აქ  მათ ყველაფერს თავისით მიაღწიეს– არ დასჭირვებიათ მავანთა და მავანთა შეწუხება,  აქ გადასახადები, თუმცა მაღალია, მაგრამ    მათი  გადახდა ძალიან სასიამოვნოდ და დიდი სულისკვეთებით  ხდება.

  აქ  სტაჟიორიც კი უბედნიერესია,  სიხარულით აღსავსე აკეთებს  უამრავ საქმეს და უსასრულოდ , მაგრამ ბედნიერად ელოდება და ელოდება და კიდევ  ელოდება, როდის ეტყვიან  ნანატრ სიტყვებს  “აგიყვანეთ”.  აქ უბრალო  კონსულტანტიც კი სიხარულით სავსე  და ხალასი განწყობით მუშაობს,  ბედნიერად დგას ფეხზე მთელი ათი საათი და ასევე ბედნიერად ელოდება იმ ნახევარ საათს, როცა დიდი მენეჯერი მას ჩამოჯდომის, ან ჩამოყრდნობის  უფლებას მისცემს.   აქ ყველაფერი სამართლიანია–ზესამართლიანი.   ტელევიზორშიც კი  შეგიძლია   იხილო ,  ძალზედ საყვარელი და სანდომიანი ბუტაფორია  სასამართლო პროცესები, სადაც სიკეთის, შემწყნარებლობის და კანონიერების ზეიმია. ამ ყველაფრით მოხიბლული აქაურები კი, უფრო და უფრო კეთილშობილები ხდებიან, მათ უფრო ნათელ ფერებში ეხატებათ სამყარო…

აქ ნიჭიერია ყველა , ამ ნიჭიერებს კი ზენიჭიერები აფასებენ – თბილად, სიყვარულით და სიხარულით აღსავსე ტონით ეთანხმებიან ან უარყოფენ ადამიანთა, ზოგჯერ კი არაადამიანთა  ნიჭს,  აქ ყველა პატრიოტი, ყველა მორწმუნე და ყველა დიდსულოვანია, ეს თვისებები განსაკუთრებულად ვლინდება სუფრასთან,  ან მის მიმდებარე ტერიტორიაზე.   აქ  ყველგან, ყველაზე ლამაზი პოლიციის შენობებია – ყველაზე განათებული და ყველაზე უსაფრთხო.  აქ ყველა სქესის, ყველა რწმენის, ყველა ორიენტაციის ადამიანის ყველა უფლება,   ყოველთვის უმაღლეს დონეზეა  დაცული  და საერთოდაც აქ ყველაზე  კეთილი და ტოლერანტი ადამიანები ცხოვრობენ,  აქ ყველაფერია, სულ ყველაფერი იმისთვის, რომ   გახარებული და ბედნიერი იყო.   გარეთ გასვლა გახალისებს, მუდამ გაღიმებული ხალხის ხილვა, ბედნიერებას განიჭებს,  იმდენად ბედნიერიდები,  რომ ყველაზე ბედნიერ მათხოვარსაც ვერ ამჩნევ, იქვე ქუჩის კუთხეში,  ხდება ხოლმე.  ეს ბედნიერი ერია, ოდითგანვე ბედნიერი ერი იყო და მომავალშიც  ასეთი იქნება.

        მოკლედ,   ეს ჩემი ქვეყანაა – ჩემი საოცარი ქვეყანა,  რომელსაც ბუტაფორია ჰქვია…

on Melancholy Hill

ამ ბანანა თევზის ამინდებში მელანქოლიის მთის წვერზე იჯდა და იქიდან უყურებდა სამყაროს,  დღე და ღამე იქ იყო,  ხშირად უფიქრია, როგორ დაეტოვებინა ეს უკვე სახლად ქცეული ადგილი, მაგრამ ვერაფერი  მოიფიქრა, ვერანაირი გზა ვერ მონახა, საცალფეხო ბილიკიც კი არსად ჩანდა…

სულ  ვეკითხებოდი  და ახლაც შევეკითხე, რატომ იყო იქ, სადაც არ უნდა ყოფილიყო, რატომ ფიქრობდა იმაზე, რაზეც არ უნდა ეფიქრა, რატომ  ტიროდა იმაზე, რაზეც არ უნდა ეტირა ….. პასუხი  რა თქმა უნდა ვერ გამცა.  მდუმარემ ისევ სამყაროს  მიაპყრო მზერა……. სამყაროს, სადაც   ყველაფერია, მაგრამ  საკუთრივ მისი   არაფერი, უამრავი  ბედნიერების მომტანი ადგილია, მაგრამ მისთვის ყველა ინტერესდაკარგული და გაუფერულებული.    გულდასაწყვეტია ის, რომ ფასეული არაფერი არსებობს – ფასეული, რომელიც მან თავად შექმნა,  ეს ედარდება ყველაზე მეტად,   დრო კი გადის–  ეჩქარება,  ძალიან ეჩქარება,  მაგრამ სად ეჩქარება არც იცის. ისევ  ადამიანები გაახსენდა, უცებ ამოტივტივებულმა სიტყვებმა  გაიელვეს ტვინში– არასანდო, არაგულწრფელი,  არაკეთილი.   ბოლო დროს მიხვდა, რომ დასაყრდენი სჭირდება –  ვინმე ან რამე, მაგრამ ვერ ჰპოვა…ალბათ, არც არსებობს მისი დასაყრდენი და მიზეზიც ეს არის… თვალები დახუჭა და აზრებიც ცოტა ხნით გაქრა….

მისი დუმილი წავიკითხე და გავიყინე, რა მეთქვა, რა მერჩია, რით მენუგეშებინა, სიტყვაც ვერ მოვიფიქრე, მეც მის გვერდით აღმოვჩნდი აქ, ამ  მთის წვერზე….