Archive | ივნისი 2012

ფანტასტიკურად უბრალო ღამეები

გულგრილობამ მოიცვა მთლიანად,  უბრალო ღამეებში, “ფანტასტიკურ ღამეს” კითხულობს და იმდენად დაემთხვა გრძნობები,  შეხედულებები, მოქმედებები  რომ , შეეშინდა კიდეც,  ისიც სწორედ, რომ მისრიალებს ცხოვრების ზედაპირზე, როგორც წყლის სარკეზე და არსად ჩერდება, ფესვებს არსად იდგამს..არაფერს ტოვებს სასარგებლოს და დასატოვებელს,  ყინულივით ცივი უგრძნობლობა მასაც  შემოეჩვია, რატომღაც აღარ შეუძლია ნუგეში,  ვეღარ განიცდის სიხარულს, ტკივილს, აღფრთოვანებას, აღარც აღშფოთება ძალუძს.

ისევ  დაიწყო უცნაურად  თავის თავზე დაკვირვება  და ბევრი რამ აღმოაჩინა,  ის მგრძნობიარე და ემოციური ადამიანი, რომლადაც თავს მიიჩნევდა, სადღაც, უკვალოდ გამქრალიყო,  სისასტიკე დასჩემდა, ეგოიზმიც, ისიც  ისეთნაირი გახდა,   ჰო, თითქმის ყველასნაირი… სად გაქრა  ის კეთილი ბავშვი, საკუთარი ცხოვრების წლებს საყვარელ ადამიანებს, რომ ჩუქნიდა? თანაც ჩუმად…  არა, ახლაც აჩუქებს, მაგრამ ახლა არაფრად უღირს ეს წლები და მაგიტომაც არ ენანება, მაშინ კი უღირდა, დიდ რამედ უღირდა,  ოცნებებიც ჰქონდა –  ბევრი, ძალიან ბევრი.  დაკვირვების შემდეგ  მიხვდა, რომ  ადრე  სხვანაირი იყო, სულ სხვანაირი.  დღეს კი ყინულივით ცივი გრძნობები,  უნდობლობა და  უსიამოვნო შეგრძნებებიღა შერჩენოდა.

   კვლავ განაგრძობს ,,ფანტასტიკური ღამის” კითხვას და ბევრ რამეზე  ფიქრობს, თავსაც იმხნევებს,   ესმის სტეფანს მისი და მასაც ესმის სტეფანის,  ამ ფაქტმა გაახარა….ნელ–ნელა კითხულობს და თითოეული აბზაცის მერე ანალიზს იწყებს,   ყველაფერს ერთმანეთს ადარებს.  მართალია  საერთო ბევრი არც არაფერია, მასსა და იმ გმირს შორის, მაგრამ გრძნობები ემთხვევა, შეხედულებები და  სურვილებიც  ფაქტობრივად ერთნაირია… გამოსავალი  წესით განსხვავებული უნდა   იყოს, მაგრამ როგორი განსხვავებული ან საერთოდ,  რა გამოსავალი ეს ჯერ ისევ გამოცანაა, თუმცა წინ ჯერ კიდევ რამდენიმე სასიამოვნო ფურცელი, და საკმაოდ ბევრი საინტერესო აბზაცია,  სადაც იმედოვნებს, რომ აღმოაჩენს რაიმეს ისეთს,  რაც ბევრ რამეში დაეხმარება….

ეს ,,ფანტასტიკური ღამე”,  რამდენიმე, არც მთლად ფანტასტიკურ, მაგრამ სასიამოვნო ღამედ გადაექცა, ამასობაში მშვენიერმა  იდეებმაც  გაიღვიძეს, იმედებმაც და  მოლოდინებმაც  ისევ მოაკითხეს, გადაწყვიტა   მის წინ აღმართული თუ ჩაღმართული უფსკრული , რომელიც ასე ძალიან უშლის ხელს ყველაფერში, ავად თუ კარგად , უნდა გადალახოს,   აუცილებლად  უნდა გაალღვოს გაყინული  გრძნობები, როგორმე უნდა მოიშოროს უსიამოვნო შეგრძნებები,   რამენაირად უნდა დაიბრუნოს სოცოცხლის ხალისი.    გამოსავალიც ალბათ ეს არის …..

მარტივი, მაგრამ არაგენიალური

 მშვენიერი ზაფხულია,  მე კი წერისუნარდაკარგული დავეხეტები გონებაში, დავეძებ  ძველ, ჩარჩენილ შთბეჭდილებებს, ვიქექები და ვიქექები, მაგრამ უშედეგოდ… სირთულიდან უძრავ სიმარტივემდე ერთი ნაბიჯი ყოფილა,  ეს  ნაბიჯია ყველაფრის თავი და თავი…

თითქოს ის, რაც ადრე ძალიან მაწუხებდა დღეს გაუფერულდა , თითქოს გავჩერდი  ერთ წერტილში და ასე უძრავად ვუყურებ ქვეყნის ორომტრიალს, მაგრამ მხოლოდ ვუყურებ,  არ ვერევი, არ ვფიქრობ, არ ვიბრძვი, არ მეშინია, არ მაინტერესებს. უძრაობა და მხოლოდ  უძრაობა, წრე კი ტრიალებს და ტრიალებს , მე მხოლოდ ისღა დამრჩენია  დაკვირვებით  ვადევნო თვალი  ადამიანების  ქმედებებს, მოვისმინო მათი ორაზროვანი იდეები – საინტერესო და უინტერესო მოსაზრებები,  მერე ეს ყველაფერი თავისთავად გადადის  ტვინის რომლიღაც კუნჭულში  და ილექება, ან   სულაც  ქრება…

ეს უძრაობა მაშინებს, მაგრამ არ მღლის, ალბათ ესეც გარკვეული ეტაპია ჩემი გონებრივი და სულიერი მდგომარეობის,  ან   დიდი დაღლილობის შედეგი – ჩვეულებრივი ,  თუმცა სამწუხარო  ფაქტია ალბათ, რომ მე ეს ტრანსი მომწონს, მე ეს სიმარტივე მასვენებს  და არაჩვეულებრივად მამშვიდებს,  არანაირი  სიმძაფრე და დინამიურობა,  ცხოვრება  ერთ მარტივ, უფერულ, არაშთამბეჭდავ  ფილმს დაემსგავსა… ფილმს რომელიც ჯერ არ მთავრდება…

წრე კი ტრიალებს და ტრიალებს, სამყარო უჩვეულოდ ასწრაფდა ჩემს გარშემო,  მე ისევ უძრავად შევცქერი  ჩემს   შიგადაშიგ საინტერესო ფილმს,  იმ იმედით, რომ  ოდესმე, ის შედევრი თუ არა,  კარგი ან ძალიან კარგი ფილმი  მაინც გახდება…

მაგრამ ვაი, რომ ცხოვრება სულაც  არ არის ფილმი,  ცხოვრება ეს  ცხოვრებაა….  ჰო, ასეა ,  უბრალოდ და მარტივად …