არქივი

შეხედე რა ცაა, ესაა რაცაა

ყველა ჩემს მიერ ნანახ ადგილს ვაფასებ ცით, თუ ცა მომეწონება, ის ადგილიც მომწონს.  ბავშვობაში ხშირად ვუყურებდი ღამის ცას, ვარსკვლავებით მოოჭვილს და სიხარულს მგვრიდა იმის წარმოდგენა, რომ  შესაძლოა, მეც ასე მიყურებს სადღაციდან ვიღაც და ისიც სიხარულს განიცდის ან სულაც არ განიცდის, მაგრამ უბრალოდ მიყურებს.    ჩემი ქალაქის ცა არასდროს მომწონდა,  არც ვარსკვლავები ჩანს  და დიდად არც აღმაფრთოვანებს, თუმცა დავაკვირდი და აღმოვაჩინე, რომ  მიყრუებულ ადგილებშია საოცარი ცა,  იმდენი ვარსკვლავია, იმდენი, რომ სად გაიხედო აღარ იცი, ვარსკვლავის ჩამოვარდნაც არაერთხელ   მინახავს, თუმცა სურვილების ჩაფიქრებას ვერასდროს ვასწრებდი.   ჩამიქროლებდა  ხოლმე გაკაშკაშებული , კუდიანი ვარსკვლავი და მხოლოდ ცქერით ვტკბებოდი,  სურვილიც რა თქმა უნდა ჩამოვარდნის შემდგომ მახსენდებოდა.   არასდროს დამავიწყდება ერთ უბრალო ღამეს ქობულეთის  ცა, იმოდონა მთვარე მას შემდეგ არსად მინახავს,    სხვანაირი ღამე იყო , განსაკუთრებული…

ზღვისპირეთში ღამის ცას მართლაც არაფერი სჯობს, სავსე მთვარით განათებული ზღვისპირი, შუქი, მოლივლივე შავ წყალზე და უამრავი ოცნება.   ზაფხულობით  ჩემი სოფლის ცაც ძალიან ლამაზია,  უზარმაზარი სივრცე და აურაცხელი,  ციმციმა მანათობელი, ამას მთვარეც თუ დაემატა თავისი იდუმალებით,  საერთოდ, ფანტასტიკაში აღმოჩნდები.

ცა, ეს ხომ ანგელოზთა ნავსაყუდელია, საოცარი, მისტიკური ადგილი,  სადაც ოცნებები ხდება,  სადაც ღმერთია,  სადაც ყველაფერი ნათელი და ლამაზია.    ცაზე დაფიქრების შემდეგ ნოდარ დუმბაძის ,,მე ვხედავ მზეს”  მახსენდება, განსაკუთრებით ის მონაკვეთი  სოსოია და ხატია, რომ წავიდნენ  მეზობელ სოფელში სიმინდის საშოვნელად, ყოველ წაკითხვაზე  ხელახლა ვოცდები მათი და მოხუცი მასპინძლების  საოცრად უბრალო , სევდანარევი იუმორით აღსავსე და ბრძნული საუბრებით,   რაღაცნაირი სითბო ჩამეღვენთება ხოლმე სულში.  ამ ნაწარმოების ეს ნაწილი ყოველთვის განსაკუთრებულად მოქმედებდა ჩემზე,  სწორედ მაშინ ინატრებს სოსოია,  ცა რომ სარკე იყოს ,  მას მერე მეც ბევრი მიფიქრია ცაზე და ცის ამ დანიშნულებაზე,   რამდენ მონატრებულ და არამონატრებულ ადამიანს დავინახავდი, ცა რომ სარკე იყოს,  მთელი  ქვეყნიერების ავ–კარგს  შევავლებდი თვალს.  ყველა, სულ ყველა ვნახავდით  ერთმანეთს,  ვერ დავმალავდით ჩვენს ცუდ და მანკიერ საქციელებს,  იქნებ ამის მერე უფრო შეგვეცნო ზოგადად რა ხდება ქვეყანაზე,  იქნებ მერე გაგვეცნობიერებინა ჩვენი   უმთავრესი არსი,  იქნებ შეგვრცხვენოდა ყველა ჩვენი ბოროტი ქმედების და  გვეკეთებინა ბევრი სიკეთე ,  იქნებ უფრო დაგვეფასებინა ერთმანეთის შრომა, ნაღვაწი, იქნებ  უფრო  დავხმარებოდით უამრავ გაჭირვებულს, შესაძლოა  მერე აღარც გვენატრა ცაში ყოფნა, რადგან აქ გვექნებოდა  პატარა სამოთხე, სამოთხე თუ არა ადგილი,  სადაც სიკეთე და სიმშვიდე სუფევს, სადაც ადამიანები ადამიანობენ თავიანთი ადამიანობით.  მართლაც და კარგი იქნებოდა, ცა რომ სარკე იყოს…

ფიქრებიდან გამორკვევის შემდეგ, უცებ, ისევ მიწაზე მოვადინე ზღართანი,  ავხედე  ჩვენს ცას და ესაა რაცაა…..

ფანტასტიკურად უბრალო ღამეები

გულგრილობამ მოიცვა მთლიანად,  უბრალო ღამეებში, “ფანტასტიკურ ღამეს” კითხულობს და იმდენად დაემთხვა გრძნობები,  შეხედულებები, მოქმედებები  რომ , შეეშინდა კიდეც,  ისიც სწორედ, რომ მისრიალებს ცხოვრების ზედაპირზე, როგორც წყლის სარკეზე და არსად ჩერდება, ფესვებს არსად იდგამს..არაფერს ტოვებს სასარგებლოს და დასატოვებელს,  ყინულივით ცივი უგრძნობლობა მასაც  შემოეჩვია, რატომღაც აღარ შეუძლია ნუგეში,  ვეღარ განიცდის სიხარულს, ტკივილს, აღფრთოვანებას, აღარც აღშფოთება ძალუძს.

ისევ  დაიწყო უცნაურად  თავის თავზე დაკვირვება  და ბევრი რამ აღმოაჩინა,  ის მგრძნობიარე და ემოციური ადამიანი, რომლადაც თავს მიიჩნევდა, სადღაც, უკვალოდ გამქრალიყო,  სისასტიკე დასჩემდა, ეგოიზმიც, ისიც  ისეთნაირი გახდა,   ჰო, თითქმის ყველასნაირი… სად გაქრა  ის კეთილი ბავშვი, საკუთარი ცხოვრების წლებს საყვარელ ადამიანებს, რომ ჩუქნიდა? თანაც ჩუმად…  არა, ახლაც აჩუქებს, მაგრამ ახლა არაფრად უღირს ეს წლები და მაგიტომაც არ ენანება, მაშინ კი უღირდა, დიდ რამედ უღირდა,  ოცნებებიც ჰქონდა –  ბევრი, ძალიან ბევრი.  დაკვირვების შემდეგ  მიხვდა, რომ  ადრე  სხვანაირი იყო, სულ სხვანაირი.  დღეს კი ყინულივით ცივი გრძნობები,  უნდობლობა და  უსიამოვნო შეგრძნებებიღა შერჩენოდა.

   კვლავ განაგრძობს ,,ფანტასტიკური ღამის” კითხვას და ბევრ რამეზე  ფიქრობს, თავსაც იმხნევებს,   ესმის სტეფანს მისი და მასაც ესმის სტეფანის,  ამ ფაქტმა გაახარა….ნელ–ნელა კითხულობს და თითოეული აბზაცის მერე ანალიზს იწყებს,   ყველაფერს ერთმანეთს ადარებს.  მართალია  საერთო ბევრი არც არაფერია, მასსა და იმ გმირს შორის, მაგრამ გრძნობები ემთხვევა, შეხედულებები და  სურვილებიც  ფაქტობრივად ერთნაირია… გამოსავალი  წესით განსხვავებული უნდა   იყოს, მაგრამ როგორი განსხვავებული ან საერთოდ,  რა გამოსავალი ეს ჯერ ისევ გამოცანაა, თუმცა წინ ჯერ კიდევ რამდენიმე სასიამოვნო ფურცელი, და საკმაოდ ბევრი საინტერესო აბზაცია,  სადაც იმედოვნებს, რომ აღმოაჩენს რაიმეს ისეთს,  რაც ბევრ რამეში დაეხმარება….

ეს ,,ფანტასტიკური ღამე”,  რამდენიმე, არც მთლად ფანტასტიკურ, მაგრამ სასიამოვნო ღამედ გადაექცა, ამასობაში მშვენიერმა  იდეებმაც  გაიღვიძეს, იმედებმაც და  მოლოდინებმაც  ისევ მოაკითხეს, გადაწყვიტა   მის წინ აღმართული თუ ჩაღმართული უფსკრული , რომელიც ასე ძალიან უშლის ხელს ყველაფერში, ავად თუ კარგად , უნდა გადალახოს,   აუცილებლად  უნდა გაალღვოს გაყინული  გრძნობები, როგორმე უნდა მოიშოროს უსიამოვნო შეგრძნებები,   რამენაირად უნდა დაიბრუნოს სოცოცხლის ხალისი.    გამოსავალიც ალბათ ეს არის …..

ქვეცნობიერის შემოქმედება

,,შეაღწიე საკუთარ  სიღრმეებში და გაიცანი საკუთარი თავი “ –  მომეწონა ფროიდის ეს ფრაზა, საინტერესოა, როგორ შეიძლება შინაგანი სიღრმეების გადმოცემა, იმის გადმოცემა თუ რა ხდება ადამიანის ქვეცნობიერში….

ქვეცნობიერის ნათლად გადმოცემასათან დაკავშირებით,   ყოველთვის სიურრეალიზმი  მახსენდება.       ფრანგი მწერალი და პოეტი  ანდრე ბრეტონი  სიურრეალიზმს მიიჩნევდა წარმოსახვის და რეალობის გამაერთიანებლად.      მას სჯეროდა,   რომ  ეს ორი ურთიერთსაპირისპირო ცნება, მომავალში ერთ აბსოლუტურ რეალობად გაერთიანდებოდა, სიურრეალიზმი ხაზს უსვამს ქვეცნობიერის როლს შემოქმედებაში,  ეს არის გონების კონტროლისგან თავისუფალი  ფიქრი, რომელიც ესთეტიურ მნიშვნელობას მოკლებულია…

მხატვრობის ამ მიმდინარეობის ხსენებისას,  ხშირად დალი გაახსენდება ადამიანს,  თუმცა ამჯერად, მე  ივ ტანგი უფრო მაინტერესებს, რატომღაც მისი ნახატები შემაძრწუნებლად მოქმედებს ჩემზე, კომპოზიციების ხილვისას  უცნაური შეგრძნებები მეუფლება,  თითქოს ადამიანის  გაშიშვლებულ სულს ვუყურებ,  ვხედავ  სულის   ნაკლოვანებებს,  სიცივეს, მარტოობას, ტკივილს, შიშს, სხვადასხვა მანკიერ თვისებებს, იმ ყველაფერს,  რაც ქვეცობიერშია   ღმად ჩამალული და  შემოქმედებითი გზით არის გადმოცემული…. შესაძლოა ვაზვიადებ კიდეც,  თუმცა მაინც მინდა ერთი ორი სიტყვით მოვიხსენიო ივ ტანგი ჩემს მშვიდ ბლოგზე.

ის შემთხვევით გადაეყარა ჯორჯო  დე კირიკოს ნამუშევარს და შთაბეჭდილებულმა,  უეცრად გადაწყვიტა გამხდარიყო მხატვარი,  გამოუვიდა კიდეც,  მიუხედავად იმისა, რომ სრულებით არ ჰქონდა სამხატვრო განათლება.  იგი მალევე მოხვდა სიურრეალისტი მხატვრების წრეში და  განავითარა საკუთარი, უნიკალური მხატვრობის სტილი, რომელიც გამორჩეული – ყველასგან განსხვავებული და ამავე დროს ადვილად ამოსაცნობია.    თვითნასწავლი ტანგის შრომას უკვალოდ არ ჩაუვლია, ამ ხანებშივე მოეწყო მისი პირველი გამოფენა პარიზში.  ამის შემდგომ კი იწყება მხატვრის ბოჰემური ცხოვრება,  განქორწინება და ხელახალი ქორწინება მხატვარ კეი სეიჯზე.    მეორე მსოფლიო ომის დროს, ბრძოლისთვის გამოუსადეგარი ტანგი  ამერიკაში გაჰყვა თავის ნიუ–ორკელ მეუღლეს და  რამდენიმე წლის შემდგომ, ამერიკის მოქალაქეობაც მიიღო.  ის დასახლდა ვუდბერში,  უბრალო სოფლის სახლში.  მხატვრის  გარდაცვალების შემდეგ მის სხეულს გაუკეთეს კრემაცია, რომელიც შენახულ იქნა მეუღლის  გარდაცვალებამდე .  მისი ფერფლი გაფანტა მისმა მეგობარმა პიერ მატისმა,  ტანგის ორივე მეუღლის ფერფლთან ერთად.

ივ ტანგის  შემოქმედება ხასიათდება ისეთი  ფორმით,  რაც  არარეალური და არაიდეალურია,  შეზღუდული ფერების პალიტრა, ხანდახან კი შესამჩნევი კონტრასტული ფერადოვნება, არაადეკვატური სტილი და მარტივი კონტურები, თუმცა მის სიმარტივეშია, ჩემი აზრით, დიდი სირთულეები,  ქვეცნობიერში დალექილი  აზრები, ფიქრები,   ვნებები.     მისი     ერთ–ერთი გამორჩეული ნახატია  “უსასრულო დაყოფადობა”,  სახელიდან გამომდინარე,  უკვე შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ საქმე გვაქვს  განსხვავებულ, უცნაურ და ორიგინალურ ნახატთან, ცილინდრული ფორმები, გეომეტრიული ნაგებობანი, ფერების სიმკვეთრე,  არალოგიკურობა,  ყველაფერი ეს, ერთიანობაში საოცრად შთმბეჭდავია და უამრავ  ემოციას აღძრავს.

ამ მხატვრის ნახატების ხილვა,  ჩემთვის კარგი განმუხტვის საშუალებაა,  ჭარბად მოწოლილი ემოციები მღლის , იმდენად მღლის, რომ საბოლოოდ თუ არა,   დროებით მაინც  ვანებებ თავს  ქვეცნობიერში ძრომიალს, მერე   სხვა კარგ რამეებზე ვიწყებ ფიქრს  და კაი ხნით  ვემშვიდობები ივს.

ისე ,   ამ მშვენიერ გაზაფხულზე რა დროს ტანგი და სიურრეალიზმია, მაგრამ იყოს….

აღმოხდების მზე ანუ ჩემი ფიესტა

   აღმოხდა მზე,  ჩემი მზე, თურმე როგორ მომნატრებია .  სახეზე  მელამუნება თბილი სხივები,  ამ დროს, მარტოსაც მიყვარს ხეტიალი,  რატომ მარტოს?  ჩემი ძაღლუკა და ჩემი მუსიკაც ჩემთან არიან, სულ ჩემი, ჩემი, მემგონი ეგოიზმმაც შემომიტია ან სიგიჟის ზღვარზე მივდივარ ნელ-ნელა…..თუმცა , მანამდე, მიუხედავად ყველაფრისა,  ამ ვითომ გაზაფხულს  გავაზაფხულებ.

დავუბრუნდი ჰემინგუეის, აღმოჩნდა ისიც ძალიან მომნატრებია.   შუაღამეს პარიზში, რომ ვიყავი იქ დავინახე  ერნესტი და სიხარულისგან შევხტი, ისე, ძალიან  სიმპატიური იყო, (მემგონი ცოტა გადააჭარბა ვუდიმ), გახსენებისთანავე გადმოვიღე ჩემი გაცვეთილი წიგნი.  მარტივი ენით დაწერილმა ისტორიებმა ცოტა გამახალისა , ვკითხულობ და მგონია, რომ აქვე გვერდით ჩამომჯდარა და მიყვება ამბავს –   საინტერესოს, ჩახლართულსაც, ამერიკულად მარტივსაც,  პერსონაჟებს ისე წარმოვიდგენ, თითქოს  ჩემი კარგა ხნის ნაცნობები არიან, არადა აღწერილობა თითქმის არ მოიძებნება,  სამაგიეროდ ფანტაზია მთლიანად ჩართულია და უფრო და უფრო წარმოსახვითი ხდება ყველაფერი, მერე ვიჯერებ ამ წარმოსახვას და რეალობასავით ფიქრებში სულ  თან მდევს .  ზოგჯერ მგონია , რომ მეც მქონია მსგავსი ისტორიები ან მიახლოებით მსგავსი მაინც, ხო  მეც დავძრწოდი პარიზში – მონპარნასზე, როტონდას მოსაწყენ მაგიდებთანაც ხშირად  ვმჯდარვარ, მერე იყო  ესპანეთი და ფიესტა,   აღმაფრთოვანებელი სანახაობა –  მთელი შვიდი დღე, შემზარავი  კორიდა  მამაცი მატადორებით,   ხარებით,  პარალელურად კი –  ადამიანური ურთიერთობები,  ინტრიგები, გძნობები, მეგობრობა, სიყვარული , ცინიზმი, ფული, ფულის გამო სიყვარული და სხვა  უამრავი ისეთი რამ, რამაც  არ დამძაბა….

მოკლედ,  ჰემინგუეი, როგორც ქალბატონი გერტრუდა იტყოდა ,,დაკარგული თაობის” ერთ-ერთი წარმომამადგენელი, საინტერესო ცხოვრებით და საინტერესო შემოქმედებით, საკმაოდ მოუხდა ჩემს  გაზაფხულს,  ხოდა ისეთი სურვილები გამიღვიძა, რა აასრულებს ამათ? ძალიან მომინდა ხეტიალი პარიზში, მერე მოგზაურობა  ქალაქ-ქალაქ,  ქვეყნიდან ქვეყანაში,  კონტინენტიდან კონტინენტზე, მომინდა ბევრი ხალხი – ბევრი ფლირტი, მომინდა ესპანეთი თავისი ფიესტით, მომინდა მზიანი, თბილი დღეები – აქტიური ცხოვრება, მომინდა ალკოჰოლი ბევრგვარი – გარეთ გასვლა და ღიმილი – უამრავი ღიმილი,  მომინდა  უცნაურად ჩახლართული სასიყვარულო ისტორიები,  მთლად ბრეტის და ჯეიკისნაირად არეულ-დარეულიც არა, მაგრამ  საინტერესო სათავგადასავლო ისტორიაზე არ ვიტყოდი უარს.  სურვილები ალბათ მარტივია, ხოდა იქნებ ნელ-ნელა მივყო  ხელი  ზოგიერთის განხორციელებას.

მთავარია, როგორც იქნა აღმოხდა ასე ნანატრი მზე……

რა მეზღაპრებოდა :)

    რა მეზღაპრება, მაგრამ მომეზღაპრა, თან ეს ხომ დიდების ზღაპარია, ისევ  ვიმოგზაურე პატარა უფლისწულთან ერთად პლანეტ-პლანეტ და რაღაც ბავშვობა მომენატრა, არა ბავშვობა კი არა, უფრო ის ბავშვური,  სუფთა აზროვნება –  როცა ჩემი ოთახის მზის სხივს ვემეგობრებოდი, როცა  ვხატავდი (საუკუნეა არ დამიხატავს ერთი პატარა ფიგურაც კი)  უაზრობებს, ვხატავდიი მზეს – ჩემს მზეს, როცა მიყვარდა ვარსკვლავების ყურება, მერე სურვილების ჩაფიქრება, როგორ მჯეროდა, რომ ყველა ამიხდებოდა,როცა შემეძლო დამენახა დახატულ ყუთში დამწყვდეული ბატკანი,  მერე გამახსენდა ჩემი დღიური,  ხო ის წითელი და პაწაწუნა, ყველაფერს ხომ მასში ვწერდი, მთლად კიწივით ჭკვიანი ვერ იყო, მაგრამ ჩემი იყო და მიყვარდა, მერე  ისიც  გამახსენდა სულელობა, რომ ვუწოდე და უმოწყალოდ, რომ დავხიე, ძალიან სასტიკი ვიყავი და ამაზე გულიც დამწყდა , ალბათ  თავი ძალიან დიდი გოგო მეგონა და რაღაში მჭირდებოდა ეს ბავშვობის გადმონაშთი, არადა …… რა უცნაური ხალხია ეს დიდები…..

გადამღალა დიდობამ და მივდიე პატარა უფლისწულს. მისია  ბავშვური და პატარა, მაგრამ ყოვლისმომცველი  სამყარო,  შემშურდა კიდეც,  ძლიერ მემყუდროვა ის პატარა პლანეტა, მეც გადავიდოდი დედამწიდან 🙂 და სიამოვნებით ვუყურებდი მზის ჩასვლას დღეში  ორმოცდასამჯერ.  არა, ორმოცდაათჯერაც. არც მომბეზრდებოდა და პირიქით  გამაბედნიერებდა კიდეც. ჭირვეულ ყვავილსაც ავიტანდი, ან შესაძლოა მე ვყოფილიყავი ჭირვეული ყვავილი, რატომაც არა, თუმცა უფრო დავაფასებდი უფლისწულის სიყვარულს. ამ ზღაპრულად რეალურ სამყაროში თავი  ბავშვად წარმოვიდგინე, რომელსაც ჯერ კიდევ ბვრი რამ აქვს სასწავლი,   თითქოს მიცხოვრია და არც მიცხოვრია, მერე იმ მედიდური  მეფის სიტყვებს ჩავუღრმავდი და საკუთარი თავის გასამართლებაც დავიწყე, იქნებ სწორი მსჯავრის დადებით ბრძენად მაინც ვიგრძნო თავი-მეთქი, ძნელი აღმოჩნდა,  თანაც  ისევ  დიდივით დავიწყე ფიქრი და  შევეშვი ამ ჩემი თავის მართლმსაჯულებას,  მართლაც რა უცნაური ხალხია ეს დიდები……

განვაგრძე უცნაური მოგზაურობა ამ უცნაურ სამყაროში,  იმდენი რამ მენიშნა,  იმდენი რამ შემიყვარდა, თითქოს გულით დავიწყე ხედვა, საიდუმლოც ხომ ეგ არის, მხოლოდ გული ხედავს კარგად, თვალს არ ძალუძს დაინახოს ის, რაც მთავარია და არსებითი , ხშირად გავიმეორე ეს ფრაზები, უფლისწულივით მეც კარგად დავიხსომე.   მეისრეს სიტყვებმაც ამიხილეს, თითქოს თვალი. ამ დიდობაში მეც არ ვიცი რას დავეძებ, ალბათ ბავშვი რომ ვიყავი. მაშინ ვიცოდი, ახლა კი დამავიწყდა…..  მარტო ბავშვებმა იციან რასაც დაეძებენ…ისინი ბედნიერები არიან….. ყველა ფრაზას ჩავუკირკიტდი და  გადავწყვიტე მეც გავერკვიო რას დავეძებ, გადავწყვიტე  ვიპოვნო ჩემი ჭა,  რომლის ერთი წვეთი წყალიც ბედნიერს გამხდის, გადავწყვიტე მხოლოდ გულით დავიწყო ხედვა,  რადგან სწორედ ასე დავინახავ ჭეშმარიტებას,   გადავწყვიტე ხშირად ავხედო ზეცას და ვიკითხო შეჭამა თუ არა ბატკანმა ვარდი, იქნებ მეც დავინახო, როგორ შეიცვლება ამით ყველაფერი……. იქნებ მეც მივხვდე რამოდენა რამაა ეს!

  ეს ზღაპარიც დამთავრდა და რეალობაშიც წამიერად მოვბრუნდი, ისევ დიდივით დავიწყე ფიქრი, ისევ  მომაწყდა აზრები,  იდეები,  ცხოვრებისეული წვრილმანები და მსხვილმანები,  რა მეზღაპრებოდა,  მაგრამ მომეზღაპრა…….

ჩემი ფერადოვნება

მომენატრა ფერადოვანი სამყარო, თბილი მზე და სიმწვანე, მენატრება სივრცე უსაშველოდ გაწოლილი, მენატრება ძველი დროის ზოგიერთი ფრაგმენტი.  თითქოს ფერთა სიმკვეთრე და სიკაშკაშე მაკლია, ამიტომ გამოვჩხრიკე მეგობრის ნაჩუქარი ყველაზე ფერადოვანი  წიგნი   და   ისევ ჩავეფალი შთამბეჭდავ იმპრესიონიზმში.

თითოეული ამ მიმდინარეობის შედევრი მიქმნის რეალობის პირადი ინტერპრეტაციის საშუალებას.  ფერთა გამა სულს მიმშვიდებს და ღრმად მაფიქრებს, სხვადასხვა ოცნებებს მიღვიძებს. ყველაზე მეტად მომწონს ის, რომ,  რაც ასახულია არის აბსოლუტურად რეალური და ამავდროულად   არაიდეალური.  თითოეული კონტური იძლევა საშუალებას შენებურად დაინახო და აღიქვა კომპოზიცია. ბუნების ცვალებადობის წამიერი ასახვა იმის დასტურია, რომ ყველაფერი წარმავალია, თუმცა თითოეული ნახატი თითქოს დროს აჩერებს.  ცოტა ფანტაზიაც და შესაძლოა დროში იმოგზაურო ვუყურებ  ზოგიერთ მათგანს და ვხვდები, რომ იქ ვარ 19 საუკუნეში,  პარიზში უგზო-უკვლოდ დავეხეტები, სხვადასხვა მდიდრულ სალონებს ვსტუმრობ,  ვათვალიერებ გამოფენებს, ვტკბები მონეს ფერდოვანი ხიდებით და ბაღებით, დეგას ტანწერწეტა  ბალერინებით,     რენუარის რომანტიკული წყვილებით, სისლეის სევდით,   ბაზილის კეთილშობილებით,  პისაროს ხმაურით, მანეს სითამამით.

    მათ გამოელიათ შავი ფერი და ასე დაიბადა იმპრესიონიზმი…..  რომლისთვისაც დამახასიათებელია არასტაბილურობა,   მოვლენათა მუდმივი ცვალებადობის და წარმავალი შთაბეჭდილებების ასახვა.  რამდენიმე სურათი განსაკუთრებულად მიყვარს და ხშირად ისეც ხდება, რომ  თითოეული მათგანი ხასიათს და განწყობას აბსოლუტურად შეესაბამება.  ვუყურებ მათ დაკვირვებით,  შემდეგ კი  სრულად ვიკარგები ამ  ნახატებში, მაგრამ ვპოულობ ჩემს მზეს, ჩემს ფერადოვნებას, სითბოს, სივრცეს,  ვერ ვპოულობ ძველი დროის ფრაგმენტებს, ალბათ არც არის საჭირო.    სიმუქის  ფაქტობრივად არარსებობა  და ნათელი წმინდა ფერები მამხიარულებს, სიხალისეს მმატებს, სიყვარულის ხასიათზე მაყენებს.  მერე ფანჯარაში ვიხედები და არც ისე მუქი მეჩვენება ეს სამყარო, მერე ვხურავ წიგნს  და  ოპტიმიზმით შეპყრობილი ველოდები…. რას??  ზაფხულს, მზეს და უამრავ კარგ რამეს……….

ცხოვრება იდიოტისა

  იგი მიაბიჯებდა ასფალტზე….. და ფიქრობდა ცხოვრებაზე, რომელიც თითქოს გაფერმკრთალდა,  გაბაცდა  და ამაო გახდა, ,,ამაოება, ამაოებათა და ყოველივე ამაოა”

ამ დეკემბრის ცივ დღეებში ჩემი ძაღლუკას სეირნობისას, ხშირად ასეთი წინადადებები და ასეთი აზრები ტრიალებს და ტრიალებს თავში. ამ დროს კი   სულ მახსენდება  აკუტაგავა რიუნოსკეს  “ცხოვრება იდიოტისა”.  როცა სულ პირველად წავიკითხე შეძრწუნებამდე შევიგრძენი  ყველა ფრაზა, თითქოს სულიც გამეყინა, მერე სულ მეფიქრებოდა და მეფიქრებოდა ქუჩაში, ტრანსპორტში, სახლში. ახლაც ამეკვიატა…….

,,მისთვის, ოცდაცხრა წლის კაცისათვის, წუთისოფელი სულაც აღარ ჩანდა მშვენიერი. მაგრამ ვოლტერმა ხელოვნური ფრთებით შეაიარაღა.
მან გაისწორა ეს ხელოვნური ფრთები და მსუბუქად, იოლად გაფრინდა ცისკენ. მაშინ გონების სინათლით გაცისკროვნებული სიხარული და ურვა ადამიანური ცხოვრებისა მისი თვალსაწიერის მიღმა დარჩა.”

  მეც ხშირად მიფიქრია მქონოდა ფრთები, მიფიქრია   გავფრენილიყავი, სადღაც შორს ძალიან შორს, ან შორიდან დამენახა ეს ყოველდღიურობა, ხშირად მემძიმება რეალობა, ხანდახან მიძნელდება ადამიანობა და არარსებობასაც ვნატრობ. მაგრამ ეს მე ვარ, მე რომელიც ხშირად  ცვალებადობაში ვიკარგები………

აკუტაგავა დაიბადა მარტში დრაკონის თვეს და დრაკონის დღეს, დაბადებიდანვე უწინასწარმეტყველეს მძიმე ცხოვრება და ტრაგიკული ბედი, ასეც იყო. ბავშვობიდან ჰალუცინაციებით და უძილობით იტანჯებოდა . მისი ღმა ფსიქოლოგიზმი და რაფინირებული სტილი ჩემთვის ამაღელვებელია,  მისი ნოველების სიუჟეტები ძირითადად აღებულია ძველი ლეგენდებიდან და ლიტერატურული ძეგლებიდან. ასეთი სტილით ის ემიჯნებოდა  რეალობას, რაც მისი აზრით უგვანო და უხამსი იყო. მისი შემოქმედება პესიმიზმით ხასიათდება, განსაკუთრებით  მისი ბოლო ნაწარმოებები, რომლებიც  საოცარი ნაღველით და სევდით არის სავსე, აშკარად იგრძნობა, რომ ცხოვრება მას უკვე მობეზრებოდა. მისი  სულიერი მდგომარეობა იმდენად მძიმე იყო, რომ ხშირად ფიქრობდა თვითმკვლელობაზე. მან  უცნაური ექსპერიმენტის ჩატარებაც სცადა:

”ისარგებლა, რომ მარტო ეძინა და ფანჯრის ცხაურზე თავის ჩამოხრჩობა სცადა ქამრით. მაგრამ გაუყარა თუ არა კისერი ყულფში, შეეშინდა სიკვდილისა. არა, იმიტომ არ შეშინებია, რომ ბოლო წუთებში ტანჯვის გადატანა მოუხდებოდა. გადაწყვიტა, გაემეორებინა ცდა, გაეზომა დახრჩობისათვის საჭირო დრო. და აი, მცირედი წვალების შემდეგ იგრძნო, რომ გონება ებინდებოდა. ცოტაც და, გათავდებოდა კიდეც. თვალი უსწორა საათის ისრებს, და ცხადი გახდა, რომ ჭირთათმენა წუთსა და 20 წამს გრძელდებოდა”

საბოლოოდ მაინც მოახერხა ეს და1927 წლის  24 ივლისის აისს ვერონალის გადაჭარბებული დოზის მიღებით ოცდათხუთმეტი წლის ასაკში სრულიად მშვიდ გარემოში დაასრულა სიცოცხლე. სიკვდილის წინ კი მოასწრო დაეწერა ,,ცხოვრება იდიოტისა” რომელიც შემდგომში ჩემნაირად სხვა უამრავ ადამიანს ააღელვებს.

,,როცა “ცხოვრება იდიოტისა” მოათავსა, მეძველმანის დუქანში შემთხვევით გედის ფიტულს წააწყდა. გედი თავადაწეული იდგა, ხოლო მისი გაყვითლებული ფრთები ჩრჩილისგან იყო დაჭმული. იგი უნებლიეთ დაუფიქრდა მთელ თავის ცხოვრებას და იგრძნო, ყელში ერთდროულად რომ აწვებოდა ცრემლი და სიცილი. წინ მხოლოდ შეშლილობა ან თვითმკვლელობა ელოდა. მარტოდმარტო მიმავალმა დაბინდულ ქუჩაში გადაწყვიტა, მოთმინებით დალოდებოდა ბედს, რომელიც მის მოსაშთობად მოვიდოდა.”

  ეს არის მოთხრობა, სადაც გადმოცემულია მისი მტკივნეული მოგონებები, შიშები, დამოკიდებულება ცხოვრებისადმი.  სულიერი მარტოობა და სხვა უამრავი რამ, რაც მის პიროვნულ ხასიათს განსაზღვრავს, მიზეზი თუ რატომ მოიკლა თავი  უცნობია, ალბათ მისი ღრმა დეპრესიის ლოგიკური შედეგი იყო,   თუმცა  თავადვე ახსნა მოკლე ფრაზით, რომელიც მეგობარს სიკვდილის წინ დაუტოვა  მოთხრობასთან ერთად  “ალბათ არც ერთი თვითმკვლელი ბოლომდე დარწმუნებული არ არის იმ მოტივში, რის გამოც თავს იკლავს”. თავი მოიკლა, მაგრამ მისი სახელი სამუდამოდ უკვდავყოფილია, მისმა შემოქმედებამ უკვდავყო,  რა გასაკვირია….

,,კალმიანი ხელი უთრთოდა. ნერწყვმა უმწეო ბავშვივით დაუწყო დენა. გონება ნთელი ჰქონდა მხოლოდ გამოღვიძების შემდეგ, დაძინებას კი უამრავი ვერონალით ახერხებდა. და გონებასაც სულ ნახევარი ან ერთი საათით თუ უბრუნდებოდა ჩვეული ძალა. აუწყველ და ამოუხაპავ სიბნელეში მიიზლაზნებოდა დრო. თითქოს წვრილ მახვილზე იყო დაყრდნობილი, რომელსაც ალესილი პირი გადასტეხოდა.”

ბოლო ფრაზების წაკითხვისას ემოციურ  დაღლილობას ვგრძნობ, თუმცა ბრძოლის სურვილი მიჩნდება, რატომ ბრძოლის? არ ვიცი……. მაგრამ ის ზუსტად ვიცი, რომ ასე დასრულება არაფრის გამო არ ღირს!!!