არქივი

მამლის ბოლო ანუ კოქტეილი ანუ კარგი განწყობა :))

  ეს ბოლო დღეები ბევრი ვიფიქრე რაზე დამეწერა პოსტი და ისეთი განსაკუთრებული  ვერაფერი მოვიფიქრე.  ხოდა დავწერ უბრალოდ იმაზე, რაც პირველი მომივა თვში, ჩავფიქრდი და კოქტეილი ამომიტივტივდა (ამ ახალ წლებზე სულ ალკოჰოლი ალკოჰოლი  და აი შედეგიც  🙂  ).  იყოს კოქტეილი, მე მრავალფეროვნების მოყვარული ვარ და კოქტეილიც მრავალფეროვან და საინტერესო სასმელად მიმაჩნია, მართალია ბევრი  მათგანი ჯერ არც მაქვს დაგემოვნებული,  მაგრამ რაც აქამდე გავსინჯე, თითქმის ყველა მომეწონა და საყვარელი კოქტეილიც მაქვს. მოკლედ, კოქტეილი ეს არის შერეული ალკოჰოლური სასმელი, რომლის სახელწოდებაც სიტყვასიტყვით ნიშნავს მამლის ბოლოს ,, cock tail”, თუმცა მისი სახელის ნამდვილი წარმომავლობა მაინც უცნობია.   პირველად კოქტეილი  ნახსენებია ნიუ-ორკის ერთ-ერთ ცნობარში, სადაც მას განმარტავენ, როგორც ,,მასტიმულირებელი ლიქიორი, რომელიც შერეული ალკოჰოლური სასმელისგან  შედგება, აგრეთვე მას ემატება შაქარი, წყალი და მცენარეული ნაყენი”.

არსებობს რამოდენიმე ვერსია, რომელიც კოქტეილის წარმომავლობას უკავშირდება.  უძველესი დროიდან  ზემოთ აწეული კუდი  ამაღლებულ განწყობას გულისხმობდა, ამიტომაც შესაძლოა სასმელს, რომელიც განწყობას ამაღლებს კოქტეილს უწოდებდნენ, კოქტეილი განწყობას, რომ ამაღლებს ეს მართლაც  უდავოა. ერთ-ერთი ვერსიით კი coquetier ფრანგულად პატარა ჭიქას ნიშნავს და ასეთი ჭიქებით ვიღაც ფრანგი სტუმრებს შერეულ სასმელს ასმევდა ახალ ორლეანში  და ამ სახელის ტრანსფორმაციით მივიღეთ კოქტეილი.  შემდეგი ვერსიის მიხედვით ვირჯინიელი ვინმე ბეტსი ფლანაგანი ჯარისკაცებს შერეულ სასმელს ასმევდა. მასში ყველა ის ფერი იყო, რომელიც მამლის კუდშია (cock-მამალი, tail-კუდი). ის ამ სასმელს კოქტეილს უწოდებდა.   შესაძლებელია, რომ ღვინოების შერევის უძველესი ფრანგული რეცეპტი, რომელსაც coquetel-ს უწოდებდნენ, 1777 წელს, ამერიკაში გენერალ ლაფაეტის მიერ იქნა ჩატანილი  და ამ აქედანვე  წარმოიშვა კოქტეილიც.   ამ ვერსიებიდან რომელია რეალური, არავინ იცის, თუმცა ფაქტია, რომ დღესდღეობით,  კოქტეილი სხვადასხვა სპირტიანი ნაყენის, ღვინის, არყის, კონიაკის, რომის, ჯინის, ხილის, ნაღების, კვერცხის, თაფლის, ნაყინის, საკვები ყინულისა და სხვათა შერევით მიღებული სასმელია. კოქტეილს ამზადებენ ორი სახისას – მაგარსა და სადესერტოს. მას  ამზადებენ ლითონის სპეციალურ ჭურჭელში (შეიკერში), ზოგჯერ კი – უშუალოდ ჭიქაში.  დღეს  ეს სასმელი ძალიან გავრცელებული და ძალიან პოპულარულიც არის,  ყველა ბარში, პაბში, კლუბში და ამგვარ დაწესებულებაში ვხვდებით კოქტეილების მრავალ დასახელებას.  შესაბამისად არსებობს კოქტეილის უამრავი ნაირსახეობა, ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ  კოქტეილის დამზადება ყოველ ჩვენგანს შეუძლია, ამისთვის კი საჭიროა ცოტა ფანტაზია, ბევრი ალკოჰოლური სასმელი და კარგი განწყობა. 🙂
კოქტეილის სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ ეს მცირე ალკოჰოლიანი სასმელია, რომელიც სამ ან მეტ ინგრედიენტს შეიცავს. თუ შერეული ინგრედიენტი მხოლოდ ორია, მაშინ ეს სასმელი მხოლოდ შერეულია, მაგრამ კოქტეილად არ ითვლება. რაც შეეხება მცირე ალკოჰოლს, არ დავეთანხმები, რადგან ზოგიერთი კოქტეილი ერთი ჭიქაც საკმარისია, იმისთვის, რომ საკმაოდ შევთვრეთ და გონებაც აგვერიოს,   ამიტომ ასეთ კოქტეილებთან მაინც ფრთხილად უნდა ვიყოთ :).  კოქტეილების იმდენი სახეობა აღმოვაჩინე ამ ჯადოსნურ ყუთში, რომ  მათი ნაწილობრივი  ჩამოთვლაც შორს წამიყვანს, ამიტომ რამდენიმე პოპულარულ და საინტერესო კოქტეილს დავასახელებ, მათი მომზადების წესებითურთ:)

  1. კოსმოპოლიტენი, რომელიც მსუბუქი და ნაზი გემოთი გამოირჩევა, ეს ჩემი საყვარელი კოქტეილი არსებული ცნობებით ბარვუმენმა ჩერილი კუკმა შექმნა   და შედგება შემდეგი ინგრედიენტებისგან: არაყი-40 მლ,  კუანტრო-20 მლ (ფრანგული ლიქიორი), შტოშის წვენი- 60 მლ,   ლიმონი 3/4 ცალი. ავურიოთ ალკოჰოლური სასმელები , ჩავაწუროთ ლიმონი და ჩავყაროთ ყინულები. კოსმო განწყობას ნამდვილად ამაღლებს და მე ვიტყოდი სასიამოვნო შეგრძნებებსაც აღვიძებს.
  2. მანჰეტენი მას მეორენაირად სიყვარულის კოქტეილსაც უწოდებენ, ეს  პოპულარული ამერიკული კოქტეილი  1870-იან წლებში, ნიუ-იორკის კლუბ “მანჰეტენში” გამოიგონეს, უინსტონ ჩერჩილის დედის, ლედი რენდოლფ ჩერჩილის მიერ მოწყობილ ბანკეტზე. საღამოს წარმატებამ, სასმელის პოპულარობაზეც იქონია გავლენა. რაც შეეხება სახელწოდებას, სწორედ კლუბის საპატივსაცემოდ დაარქვეს “მანჰეტენის კოქტეილი”. მოგვიანებით კი მხოლოდ სახელი “მანჰეტენი” დარჩა. სულ ცოტა ხანში კოქტეილი იმდენად პოპულარული გახდა, რომ მისი სხვადასხვა ვარიანტებიც შექმნეს, მისი  ინგრედიენტებია: 1 წილი ვისკი, 1/2 წილი ტკბილი ვერმუტი, 1/2 წილი არაყი (მაღალი ხარისხის), 1/2 კოვზი ალუბლის ლიქიორი, ყინული. ამ კოქტეილის მომზადებას   შეიკერი  არ სჭირდება. ჩაყარეთ მარტინის ჭიქაში ყინული, დაასხით ალუბლის ლიქიორი, არაყი და ვისკი. ბოლოს ვერმუტი და მიირთვით გემრიელად.
  3. მარგარიტა,  ეს ძალიან პოპულარული კოქტეილია, რომლის მრავალი ნაირსახეობა არსებობს, თუმცა კლასიკური რეცეპტი ასეთია: 1 ნაწილი ტეკილა,  1 ნაწილი ლაიმის წვენი, 0,5 ნაწილი ლიქიორი “კუანტრო”, ეს კოქტეილი შეიკერში კეთდება და ცივი უნდა მიირთვათ.
  4. ლონგ აილენდი, რომელიც შეიქმნა ამერეკის მშარალი კანონის დროს, ეს კოქტეილი საკმაოდ ადვილია მოსამზადებლად, თუმცა ამავე დროს საკმაოდ ძლიერ სასმელადაც ითვლება, მისი შემადგენლობა ასეთია:  14 მლ. ტრიფლ სეკი, 14 მლ. თეთრი რომი,14 მლ. ჯინი, 14 მლ. არაყი, 14 მლ. ტეკილა, 28 მლ. ჩაი, კოლა, ეს ინგრედიენტები უბრალოდ ავურიოთ და კოქტეილიც მზად არის.
  5. პინა კოლადა . ეს ძალიან გემრიელი და ძალიან პოპულარული კოქტეილი კარიბული წარმოშობისაა, მისი დასახელება ითარგმნება, როგორც ,,გაფილტრული ანანასი” და იგი შედგება: 60 მლ. თეთრი რომი, 60მლ. ანანასის წვენი,  75 მლ. ქოქოსის ნაღები,  ანანასის ნაჭრები და ნაღებისგან.
  6. მოხიტო, ამ კოქტეილის ისტორია კუბაში იწყება და შემდგომ ძალიან პოპულარული გახდა ამერიკაში, იგი შედგება შემდეგი ინგრედიენტებისგან:  მწვანე ლიმონი (ლიმეტე limette), 1 ჩაის კოვზი შაქრის პუდრი (ან ნახევარი შაქარი და ნახევარი თაფლი), 6-7 პიტნის ფოთოლი, 60 მლ რომი (გამჭირვალე)(ბაკარდი თეთრი),დამტვრეული ყინული და ცოტაოდენი გაზიანი წყალი. ნახევარი ლიმონი ჭიქაში ჩაწურეთ, შაქარი (ან თაფლი) დააყარეთ და კარგად მოურიეთ.  მეორე ნახევარი დაჭერით და პიტნასთან ერთად  ცოტა მოსრისეთ.  ჩაყარეთ დამტვრეული ყინული, დაასხი რომი და ფრთხილად მოურიეთ.  ცოტაოდენი გაზიანი წყალი დაასხით.
  7. სექსი პლაჟზე , ესეც აგრეთვე ცნობილი და პოპულარული კოქტეილია, მისი შემადგენლობა ასეთია:  40 მლ. არაყი, 20 მლ. ატმის ლიქიორი(შნაპსი), 40 მლ. ფორთოხლის წვენი, 40 მლ. მოცვის წვენი ყველაფერი ეს ყინულთან ერთად ჩავასხათ შეიკერში და ძლიერად შევანჯღრიოთ,  ჩავასხათ ჭიქებში და მივირთვათ.

ადამიანის ფანტაზია, რომ უსაზღვროა ეს კოქტეილების სახეობებშიც კარგად ჩანს, მე მხიბლავს ნაირნაირ ჭიქებში – ნაირნაირი ფერები,  ლამაზი გაფორმებები, სასიამოვნო არომატები,  მრავალფეროვანი  გემოები, როგორც ამბობენ კოქტეილებს შეუძლიათ მოგვიხსნან დაძაბულობა, აგვიმაღლოს განწყობა, აგვავსოს ენერგიით, გაგვიღვიძოს ფანტაზია,  ზოგიერთი მათგანი სიყვარულის ხასიათზეც დაგავყენებს.  ეს ყველაფერი კი დაგვეხმარება გავასაინტერესოოთ, ხანდახან,  ესოდენ მოსაწყენი ცხოვრება…..

ბედნიერება სწრაფად და მარტივად:)

   მოწყენილი პერიოდია,  დრო სწრაფად გადის და წამიც აღარ რჩება, ფიქრები ძირითად უაზრობაზე, უამრავ საინტერესო და უინტერესო უაზრობაზე,  შეგრძნებები უცნაური და არაშთმბეჭდავი, არავითარი ინსპირაცია, მაგრამ მაინც მეწერინება. უამრავი კითხვა მაქვს უამრავი აზრი და იდეა, უამრავი გეგმა, მაგრამ ეს მაგრამ……თითქოს ბედნიერების შეგრძნება შემომაკლდა.  რატომღაც მეჩვენება, რომ სრულყოფილი ბედნიერება არც არსებობს, უბრალოდ ჩვენ ადამიანებმა გამოვიგონეთ და ყველა თავდაუზოგავად მივილტვით მისკენ.  თუმცა აღმოჩნდა, რომ ყველაფერი ერთგვარი ქიმიაა და უამრავი საშუალება არსებობს ბედნიერების ჰორმონების  გამოსაყოფად  მეც გადავწყვიტე ამ მოწყენილობის ჟამს  ჩემებურად, ჩემი მეთოდებით ხელი შევუწყო ბედნიერების ჰორმონების გამოყოფას, და ეს ზამთარი, რომელიც სასტიკად არ მიყვრას ბედნიერად გადავლახო . პირველ რიგში  გადავწყვიტე აღარ ვიფიქრო არასაფიქრალ ადმიანებზე. . გავაცნობიერე, რომ იმ ამბების გახსენება, რაც თავის დროზე ბედნიერს მხდიდა ახლა უკვე ცუდ ხასიათზე მაყენებს, თანაც ეს მარტივი სასიყვარულო ისტორია ამჯერად იმდენად უაზროა, გასახსენებლადაც არ ღირს, ხოდა მეც  გონების კუნჭულებში გადავმალე ზოგიერთი მოგონება, რასაც სავარაუდოდ დღის სინათლეს არ ვაღირსებ, ამის შემდეგ ავიღე წიგნი, ამჯერად დოსტოევსკის ,,ძმები კარამაზოვები”, მართალია,  ეს წიგნი არც თუ ისე ბედნიერების მომტანია ,  თუმცა  ჩამაფიქრებს, აზროვნების საშუალებას მომცემს და სიღრმეებში მაინც  მახეტიალებს, რაც ასე ძალიან მომწონს და მეხერხება. ამის შემდეგ, ყველაზე მთავარია საკუთარ თავში ჩაღრმავება და ჩემთვის ესოდენ მნიშვნელოვანი  დარწმუნების მეთოდის ამოქმედება, რაც მდგომარეობს შემდეგში საკუთარი თავს გამუდმებით ვარწმუნებ, რომ ბედნიერი ვარ, რომ ყველაფერი კარგად არის და ეს უგუნებობაც დროებითია, გაივლის და დაბრუნდება  ხალისი სიცოცხლის. საინტერესო ადამიანებთან ურთიერთობა ამ დროს, ასევე მნიშვნელოვნად მიმაჩნიაა, ამიტომ დამთრგუნველი და უაზრო ხალხისგან თავის შორს დაჭერას ვამჯობინებ.  ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ არასაკმარისი, კიდევ მჭირდება ენდორფინები, აქ ამ ჯადოსნურ ყუთში კი მის გამომუშავებაზე უამრავი რამ შევიტყვე, თანაც დარწმუბული ვარ ჩემნაირად ბევრი სხვაც იქნება და გარკვეული ინფორმაცია მათაც გამოადგებათ.  შინაგანაი კმაყოფილება რომ შევიგრძნოთ აუცილებელია ბედნიერების  ჰორმონი, ხოდა არსებობს უამრავი საშუალება, რის დახმარებითაც მას მოვიპოვებთ, დავიწყოთ თვიდან, როგორც გავიგე  ჩვენი, ადამიანების ემოციური მდგომარეობა ძალზედ  ცვალებადია ( ჩემ შემთხვევაში ეს ცვალებადობა საკმაოდ შესამჩნევი და ამავდროულად შემაწუხებელიც გახდა), ენდორფინები  კი ის ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებია, რომლებიც გამომუშავდება თავის ტვინში და, რომლებიც განსაზღვრავენ ამ ცვალებადობას. ეს არის ნივთიერებების ჯგუფი, რომელსაც ნარკოტიკული ეფექტი გააჩნია ადამიანზე, იწვევს კარგად ყოფნის შეგრძნებას, ამცირებს ტკივილს,  ნებისმიერი დადებითი განცდა იწვევს სისხლში ენდორფინების დონის მომატებას.  ასე რომ, ყველა ფსიქოლოგი, თუ ამ საკითხში კომპეტენტური ადამიანი გვირჩევს, რომ  როდესაც უგუნებობა შეგვაწუხებს, ან თავს სევდიანად ვიგრძნობთ  პირველ რიგში აუცილებელია ფსიქოლოგიურად დადებითად განვეწყოთ,  თურმე სასიამოვნო განცდების აღძვრა, სასაცილო მომენტების გახსენება, ცეკვა, სპორტი და სხვადასხვა  სასიყვარულო შთბეჭდილებები ხელს უწყობს დიდი რაოდენობით ენდორფინების გამოყოფას , რაც უკვე ბედნიერების შეგრძნებას გვიბრუნებს.

ასევე გავარკვიე, რომ არსებობს ბუნებრივი ანტიდეპრესანტებიც, მაგალითად შოკოლადი,რომელიც ამავდროულად ძლიერი ანტიოქსიდანტიცაა. 40 გრამი შოკოლადი თურმე იმდენივე ანტიოქსიდანტურ ნივთიერებას შეიცავს, რამდენსაც ერთი ჭიქა წითელი ღვინო.

თუმცა მიმაჩნია, რომ მაინც არაარეკომენდირებულია შოკოლადზე მიძალება, თუნდაც იმიტომ, რომ შემდგომ ეს ჩვენი წვალებით მოპოვებული ბედნიერება ჭარბი წონის განცდის უბედურებამ არ შგვიცვალოს, თუმცაღა ზომიერად მისი მიღება სასარგებლოც კია, რაც მეცნიერულად არის დამტკიცებული. შოკოლადის გარდა ენდორფინების დონის მომატება შეუძლია სხვადასხვა საკვებს. მაგალითად, ბანანს, მდოგვს, კარტოფილს, წიწაკას, ასე რომ საკვები რაციონის შერჩევაც მნიშვნელოვნად დაგვეხმარება ენდორფინების მოგროვებაში  აგრეთვე მათი გამომუშავება შეიძლება, თუ საყვარელი საქმით დავკავდებით, განსაკუთრებით სპორტით, თურმე  ნახევარსაათიანი დილის გარბენი მოგვნიჭებს ეიფორიის გრძნობას, მსგავს იმისას, რასაც შეყვაებულთან პაემანის დროს განვიცდით, იგივე ზემოქმედებას ახდენს დღის სინათლე, ანუ მზის სხივები, მივეფიცხოთ მზეს და ამით მარტივად  გავხდეთ ბედნიერები. ყველაფერი ეს ძალიან საინტერესოდ და აგრეთვე  სასიხარულოდ მეჩვენა, მაგრამ ამავდროულად დამაფიქრა, თურმე რამდენი მარტივი რამით შეიძლება შევიგრძნოთ ბედნიერება და სიხარული, თუმცა მიუხედავად ამისა, ირგვლივ როცა ვიყურები, თითქმის ყოველთვის  ვხედავ დაღვრმილ, მოწყენილ და არაფრისმთქმელ სახეებს,  არაფრისმთქმელ სიტუაციებს, ალბათ ამის სხვა უამრავი მიზეზიც არსებობს, რომელიც უკვე სხვაგან წამიყვანს. საბოლოო ჯამში, რომ გავაანალიზო, მაინც მგონია, რომ ის რაც ზემოთ აღვნიშნე მხოლოდ მარტივი ბედნიერებებია, რომლებიც ძალიან დროებითი,  წამიერია  და ამავდროულად არასაკმარისია, ეს სულაც არ არის ის , რაც თითქმის ყველას სურსს თანაც ძალიან.  როგორია ნეტავ ბედნიერება, რომელიც აბსოლუტურად სრულყოფილია  და რომელიც სამუდამოდ თუ არა, ხანგრძლივად მაინც გრძელდება?   ეს ის კითხვაა,  რომელსც ოდესმე პასუხს აუცილებლად გავცემ, მანამდე კი უბრალოდ და მარტივად ვიქნები ბედნიერი…..

უბრალო დაინტერესება:)

დილით გაიღვიძებ და გაქვს მხოლოდ ერთი სურვილი, საერთოდ შეცვალო ცხოვრება, შეიცვალო პროფესია, იმიჯი, ჩაცმის სტილი და ზოგადად ცხოვრების წესი. თითქოს ყველაფერი ის, რაც აქამდე გიკეთებია, არაფრისმთქმელია. დღეს, სწორედ ასეთი უცნაური დილა მქონდა, თუმცა სულაც არაა უცნაური, არც მე ვარ პირველი და ალბათ, არც უკანასკნელი, ვისაც ასეთი სურვილი გაუჩნდება და თან არამარტო ერთ დილას.   პირველ რიგში მომინდა  პროფესია,რომელსაც არ დავასახელებ და რომელიც ახლა  უკვე, ყველაზე უაზრო პროფესიად მეჩვენება დავივიწყო. სწორედაც, რომ  პროფესიის შეცვლით დავიწყებდი ჩემი თავის რადიკალურ  ,, გარდასახვას” .ასეთ დროს რამე ისეთი საქმიანობა უნდა მოიძიო, რაც თან სიამოვნებას მოგანიჭებს,  თან ფულსაც მოგიტანს, თან ძალიან რთულიც არ იქნება, ალბათ ბევრი ასეთი პროფესია არსებობს, მაგრამ არც თუ ისე მარტივი.   უბრალოდ ინტერესის გამო – რა შეიძლება ვაკეთო?  სიამოვნებით მოვკიდებდი ხელს ისეთ საქმეს, როგორიცაა მეღვინეობა, უფრო მეტიც პატარა ვენახსაც სიამოვნებით მოვუვლიდი. რატომღაც მომეჩვენა, რომ ეს საქმე საოცრად საინტერესოა და გადავწყვიტე უფრო ბევრი რამ გავიგო ამ ღვთიურ სასმელზე, თანაც ყველაფერს რომ თავი დავანებოთ , სწორედ ეს სასმელია დღეს, ბევრ ჩემნაირ ,,ახალგაზრდა მოხუცს” სიცოცხლეს, რომ უხალისებს, ნუ რა თქმა უნდა ზომიერების ფარგლებში და ხანდახან:) . მოკლედ გადავხედე, გადმოვხედე, მოვიძიე და გავაცნობიერე, რომ ეს უძველესი და დიდად საპატივცემულო სასმელი საკმაოდ რთულად შესასწავლია და ამავე დროს სათუთად მოსაპყრობი, რადგან მისი ხარისხი პირდაპირ აისახება ჩვენს ჯანმრთელობაზე და ამავე დროს, მის მომგებიანობაზეც. კარგად და ხარისხიანად მისი მომზადება საკმაოდ დიდ ცოდნასა და გამოცდილებას უნდა ემყარებოდეს.  მოკლედ,   კატეგორიების მიხედვით მე პირადად უფრო საინტერესო ჯიშობრივი მომეჩვენა, რომელიც ერთი ჯიშის ყურძნისგან მზადდება მისი მეორე კატეგორია კუპაჟურისგან განსხვავებით, რომელიც სხვადასხვა ჯიშის ნარევს გულისხმობს. თუმცაღა კუპაჟურიც თვისთვად საინტერსო იქნება, რადგან ჯიშების შერევით შესაძლოა ბევრი ორიგინალური  ღვინო მივიღოთ. ღვინის სახეებს რაც შეეხება, იგი ორგვარია –  წყნარი და ნახშიროჟანგის შემცველი. მე უპირატესობას წყნარ ღვინოს მივანიჭებდი, რომელიც შეიძლება იყოს მშრალი და მოტკბო მშრალი. ყოველივე ეს კი ხარისხების მიხედვით სამგავრია –ორდინალური, სამარკო და საკოლექციო. ორდინალური დაძველების გარეშეა, დაძველებით მაღალხარისხოვან ღვინოს სამარკოს უწოდებენ, ხოლო განსაკუთრებით მაღალხარისხოვანი ღვინო, რომელსაც საწარმოო დაძველების გარდა , კასრებშიც აძველებენ საკოლექციო ეწოდება. რაც შეეხება ღვინის მომზადებას, ზოგადად მსოფლიოში, თურმე არსებობს სამი წესით ღვინის დაყენების მეთოდი ესენია: ევროპული, კახური და იმერული, ამ ფაქტმა ფრიად გამახარა და ვიმედოვნებ, რომ უფრო პოპულარული გახდება ჩვენი ღვინო საზღვრებს გარეთ. მართალია ჩვენ უძველესი ტრადიციები გვაქვს ღვინის დაყენებასთან დაკავშირებით, მაგრამ მე ევროპული მეთოდი უფრო მომეწონა. სიამოვნებით დავაგემოვნებდი ასეთი წესით დაყენებულ ღვინოებს. დაყენების მეთოდების ,,შესწავლა” რომ განვაგრძე, მივხვდი, რომ ეს საქმე ჩემთვის ძალიან რთულია და არც თუ ისე საინტერესო, ასე რომ  ჩემი პროფესია უფრო დავაფასე, თურმე არ ყოფილა მთლად ხელწამოსაკრავი:). ამ შესწავლა მოძიებაში იმასაც მივხვდი, რომ ცხოვრების შეცვლა, არც ისე მარტივია და მემგონი აჯობებს იგი  უფრო  გადავაახალისო და გავამრავალფეროვანო. ამიტომ , უკვე საღამო ხანია, ჰოდა დილით წამოწყებული იდეები გამიქრა, თუმცა მიხარია, რომ  საკმაოდ ბევრი ახალი გავიგე ღვინის შესახებ და ამიერიდან, ამ ჯადოსნურ სასმელს უფრო მეტი სიამოვნებით დავლევ. ყველაზე მთავარი კი ისაა, რომ  შესაბამის სიტუაციაში ღვინოზე ერთ–ორ სიტყვას მეც ვიტყვი….

ხანდახან სასარგებლოა  დილას უცნაურად გაღვიძება…