არქივი

შემოდგომის ხასიათი

    შემოდგომის საღამოა მშვიდი, ირგვლივ იდუმალი სიჩუმეა და სასიამოვნო სურნელება ტრიალებს,  ნაცნობი მელოდიების ბგერები  გაუჩერებლად დაფარფატებენ სივრცეში,  ალბათ მიზეზიც ესაა, რომ უცნაურად სევდიან ხასიათზე ვარ ,  ჩემი თანმდევი, ამაოების შემაძრწუნებელი შეგრძნებაც ისევ მომიახლოვდა….

დიდი ხანია არაფერი დამიწერია, სურვილი მქონდა,  რომ მეწერა, მაგრამ აზრებს ვერ ვუყრიდი თავს, ვერც ახლა ვუყრი, უბრალოდ ვზივარ შემოდგომის ამ თბილ და სასიამოვნო საღამოს და მარტოობით შეპყრობილი ვწერ, უაზრობებს, მაგრამ მაინც ვწერ.  ახლა უკვე ზუსტად ვიცი, რომ რა მინდა არ ვიცი, ვინ მინდა არ ვიცი და  სად მინდა არ ვიცი.  რაღაც სხვა, რომ მინდა ესეც ვიცი, თუმცა ესეც,  ვიცი კი?  შთბეჭდილებები გამიფერმკრთალდა, ეს მაშინებს,  იმდენად გაბაცდა ჩემი სამყაროს ფერები, რომ ვფიქრობ, ცხოვრება უკვე  დავამთვრე და ახლა   უმისამართოდ , უოცნებოდ დავრძრწივარ დედამიწის ამ პაწაწუნა მონაკვეთზე, ვერ ვამჩნევ ვერავის და ვერაფერს. . .  სწორედ ამიტომ ისევ მონდომებით დავეძებ ისეთ რამეებს, რაც მკვეთრ ემოციას მომიტანს, გამომაფხიზლებს და შთაბეჭდილებებს გამიმძაფრებს.  ეს ქმედებები ხანდახან მშველის კიდეც…თუმცა მხოლოდ ხანდახან, რაც  არ კმარა….

     სადღაც სივრცეში ვარ გაჩხერილი სასაიმოვნო და უსიამოვნო ფიქრებით მოცული,  თითქოს ძლიერიც ვარ და ამავე დროს სუსტიც.    ღამ-ღამობით უმიზნოდ  დავეხეტები ხან ვიწრო, ხან  ფართო და განათებულ ქუჩებში, თითქოს ვიღაცას დავეძებ, მაგრამ ვერ ვპოულობ.  ხანდახან  მგონია, რომ სულ მარტო ვარ ამ უსასრულო სამყაროში – ასფალტს დამეგობრებული.  ისევ თვითონ მომძებნა წიგნებმა და  ფილმებმა,  ნელ-ნელა ვიწყებ მათ სამყაროში გადასვლას.  ფიქრს და მუსიკას მივყავარ სადღაც შორს, იქ სადაც უსამართლობა არ არის, იქ სადაც უბრალოება სუფევს, იქ სადაც გიხარია ყოფნა და აღარ გინდა წამოსვლა, სამუდამოდ დარჩენასაც ისურვებდი, მაგრამ ეს წამიერებაც სადღაც გაიქროლებს და ცნობიერს დარჩება სამახსოვროდ, მერე,  სადმე სიზმრისეულ ზმანებაში ამოტივტივდება და დილით ბედნიერად გაგაღვიძებს,  მაინც რა კარგია დილით ბედნიერად გაღვიძება, საყვარელ ადამიანებთან ერთად  ახალი  დღის შეგრძნება ,  საკუთარი არსის შეცნობა…

ესაა ბედნიერება, შორეული და უკვე ლოდინსაც მოკლებული. სწორედ ასეთი ბედნიერება მინდა ,  ჰაერში რომ გრძნობ მის სურნელს, ნაზი ქარივით მოგილამუნებს, ვერ ხედავ, მაგრამ გრძნობ….

უცნაურად სევდიანი ხასიათიც დროებითი აღმოჩნდა და მალევე გადაიარა, თუმცა ეს  მშვიდი, შემოდგომის საღამო სამუდამოდ დაუტოვა  ჩემი ტვინის კუნჭულებს.

Advertisements

მეგობარი და კიდევ უფრო მეტი

დღეს 21-ი იანვარია, ზოგისთვის  ჩვეულებრივი 21 იანვარი, მაგრამ ჩემთვის ყოველთვის არაჩვეულებრივი იქნება, იმიტომ, რომ ამ დღეს დაიბადა ჩემი ადამიანი, მე მას სხვას ვერაფერს დავარქმევ,   ის ჩემია და მორჩა,  🙂   ჩემი სულის ნაწილია.  ხშირად ყოფილა, რომ სრულებით არ მდომებია ცხოვრება, სრულებით უაზრობად მომჩვენებია ყველაფერი, მაგრამ მერე ჩავფიქრებულვარ და გამხსენებია  ის,  ჩემი ადამიანი, ხოდა აქ თითქოს განათდება ხოლმე …..  მახსენდება ყველაფერი კარგი,  ყველაფერი ის,  რაც გვაკავშირებს, უამრავი ისტორია, უამრავი ამბავი – სახალისოც და არასახალისოც, მოსაწყენიც და არამოსაწყენიც, დიდებული და არადიდებული, სასაცილო და ძალიან სასაცილო:),  ეს ჩვენი ისტორიებია,  ჩვენი ცხოვრების ისტორიები, რომელიც სულ გვემახსოვრება. 🙂   ყოველი ასეთი ჩაფიქრების შემდგომ, ისევ ვბრუნდები უკან ამ ცხოვრებაში , ისევ მიბრუნდება იმედი, ისევ მიბრუნდება ხალისი, მერე რა, რომ ხშირად ვწუწუნებთ, მერე რა, რომ ხშირად ისე არ ხდება, როგორც ვგეგმავთ, მერე რა რომ ხშირად არ ვართ კმაყოფილები ცხოვრებით და უამრავი წვრილმანი თუ მსხვილმანი გვანერვიულებს, მიუხედავად ამისა,  მაინც არ ვკარგავთ იმედს და მაინც გვჯერა, რომ წავალთ იქ სადაც წავალთ, ჩვენ გარეწარ ოპტიმისტებს  🙂  გვჯერა რომ, მაინც ისე იქნება ყველაფერი, როგორც საჭიროა.

მე ის ყველაზე კარგად მიცნობს, უბრალოდ მიყურებს და შეუძლია სულში ჩაიხედოს, ხო! ჩემს სულში და დაინახოს ყველაფერი, უთქმელად გამიგოს, ჩემი თავლებით მიხვდეს რა მჭირს, მე არასდროს ვფიქრობ, რომ ის გამკიცხავს, რაც არ უნდა გავაკეთო… ვიცი რომ შემიძლია ვუთხრა ყველაფერი, მოვუყვე ყველა ამბავი –   კარგიც და ცუდიც,  ვიცი რომ გულისყურით მომისმენს და ვიცი რომ  სწორად მირჩევს,  ან  სულაც  არ მირჩევს,  მაგრამ უბრალოდ გამამხნევებს და ცხოვრების ხალისს დამიბრუნებს.  მე მასში ვაფასებ  უბრალოებას, და მხიბლავს მისი ადამიანობა. მე ის უზომოდ მიყვარს, ხანდახან სიტყვებიც არ კმარა, რომ გადმოვცე ჩემი მისდამი დამოკიდებულება, მე მისთვის არ დამენანება  თუნდაც მთელი ჩემი ცხოვრება……..

ძალიან გამიძნელდა ამ პოსტის დაწერა, არადა რატომღაც მეგონა ადვილად შევძლებდი, მაგრამ რთული ყოფილა წერა იმ ადამიანზე, ვინც ჭეშმარიტად გიყვარს და ვისაც ჭეშმარიტად აფასებ. ამიტომ აღარ გავაგრძელებ, დანარჩენს დავიტოვებ ჩემთვის და ვიტყვი მხოლოდ  ერთ რამეს,  მე  ბედნიერი ვარ!!!! იმიტომ რომ მე მყავს სულის მეგობარი. …….. და მე ჩემ სულის მეგობარს ვუსურვებ ბედნიერებას,  ფანტასტიკურად დიდ  ბედნიერებას………..

ხო ეიფელის მწვერვალზე იმ სიტყვებს აღარ ვიტყვით, იმიტომ რომ იმიტომ !!! 🙂

თბილი შობა თბილ იანვარში….

  თბილი შობა ჩემს სოფელში გავატარე, მატარებლიდან ფეხი ჩამოვდგი თუ არა სითბო და მზე შევიგრძენი, ასე ნანატრი მზე, აქ თურმე  ნაადრევად გაზაფხულდა.   თბილი ამინდი მესიამოვნა და ხასიათიც უცებ გამომიკეთდა, ეს ის ადგილია, სადაც  ზაფხულობით  ხშირად ჩამოვდიოდი ბებისათან და უზრუნველად ვატარებდი ბავშვობის თბილ და ტკბილ დღეებს.  ახლაც  ხანდახან ჩამოვდივარ ხოლმე, რადგან  აქ  ყოველთვის თვისუფლებას შევიგრძნობ ,  არასდროს ვფიქრობ  წარსულზე და მომავალზე, აქ არ ვგეგმავ  არაფერს  და თითქოს დროც შენელებულია, მოკლედ აქ  ვისვენებ სრულიად ყველაფრისგან.  ამჯერადაც დავივიწყე თბილისი ცოტა ხნით და ეს თბილი, რამოდენიმე დღე ტკბილად და სოფლურად გავატარე  ჩემ საყვარელ ბავშვობის მეგობრებთან ერთად.   შეშის ღუმელთან, მყუდროდ მოკალათებულები ვსაუბრობდით ყველანაირ სისულელეზე, ვიცინოდით უამრავ უაზრობაზე, … ცოტა  ვიხეტიალე კიდეც მთავრით განათებულ ქუჩებში.    მეგობარიც მოვინახულე, მოვიკითხე და კარგად ვარო, სამოთხეშია ალბათ, გავიხსენე ჩვენი ბავშვობის ტკბილი მოგონებები, როგორ ვთამაშობდით ომობანას, მისი გაკეთებული ხის იარაღებით, მოუთმენლად  როგორ  ველოდებოდით ჭიაკოკონობის ღამეს, ცეცხლზე გადახტომით ეშმაკები, რომ განგვედევნა ჩვენი ქუჩიდან, როგორ მხიარულად ვატარებდით ზაფხულის მთელ დღეებს ერთად და არ გვებზრდებოდა ერთმანეთი, მასაც ახსოვს ალბათ, იქ ცაში,  ბოლოს ცოტა ხნით დავემშვიდობე, შემდეგ ჩამოსვლამდე,  მისი სახე მიღიმოდა, მეც შევეცადე მხიარული სახით წამოვსულიყავი, მაგრამ ვერ შევძელი, ცრემლებმა თვითონ იპოვნეს გზა….

შობის ღამე ეკლესიაში გავათენე და ბედნიერად ვიგრძენი თავი, ბოლომდე შევძელი დარჩენა და სიხარულით შევხვდი ამ დიდ დღესასწაულს.  თუმცა უსიამოვნო მომენტებიც იყო, მომიწია რამოდენიმე ისეთი ადამიანის ნახვა, რომლებიც ცუდ მოგონებებს მიღვიძებენ, მხოლოდ ცივი მისალმებით შემოვიფარგლე. დავასკვენი, რომ  ადამიანის მიმართ, რომლისადმი  პატივისცემის გრძნობა აბსოლუტურად მაქვს დაკარგული, მიჭირს ელემენტარული ეტიკეტის ნორმების დაცვა. ის ცივი მისალმებაც ძალიან მეზედმეტა, მაგრამ  მაინც ზრდილობიან ადამიანად მიცნობენ და ჯანდაბას:).  მერე დაიწყო შობის შემდგომი ხეტიალი მეზობელ–მეზობელ, ნათესავ–ნათესავ, ეს პროცედურები მღლის, უნდა იღიმო სულელივით, უნდა უპასუხო ერთი და იგივე კითხვებს  და ქალაქელ გოგოს რომ შეესაბამება ისე დაიჭირო თავი. მერე მოვისმინე უამრავი ჭორი ავიც და კარგიც, საინტერესოც და უინტერესოც, მომაბეზრებელი იყო , მაგრამ კაცმა რომ თქვას აქაც არის რაღაც ინტრიგა 🙂 . მოკლედ იანვრის ეს თბილი  დღეები ცივილიზაციას მოწყვეტილმა გავატარე, არც ინტერნეტით მისარგებლია, არც ტელევიზორისთვის შემივლია თვალი, თითქოს  სიმშვიდეც  დამეუფლა, თბილმა ამინდებმა სულიც გამითბო, მეტი სიკეთის კეთება მომინდა.  

თბილისში ყოვლისშემძლე და გადამეტებული ოპტიმისტური განწყობით აღსავსე დვბრუნდი 🙂 .            (ალბათ კიდევ ცოტა ხანს გასტანს ეს ჩემი კარგი ხასიათობა!!!!)

2011 წელი უკვე წარსულში :)

ამ წლის ბოლო დღეები იწურებაა, ჩვეულებრივი მოწყენილობაა და არავითარი საახალწლო განწყობა არ მაქვს, თუმცა ველოდები 2012-ს, ბლოგებზე ვძრომიალობ და თითქმის ყველას აქვს ამ წლის  გარკვეული რეზიუმე , მეც გადავხედე გადმოვხედე განვლილ ერთ წელს, გადავახარისხე მოვლენები და შევაჯამესავით. ხოდა  ვფიქრობ, რომ ეს წელი ჩემთვის იყო ცუდი,  მაგრამ ამვდროულად ვხვდები, რომ ამ წელს  გავიზარდე ყველაზე მეტად, ამ წელს შემეცვალა ბევრ რამეზე აზრი,   ამ წელს ჩამოვაყალიბე ბევრი  შეხედულება, წელს მივხდი, რომ ადამიანი ადამიანისთვის მგელია, კარგად გავაცნობიერე, რომ არავის არ უნდა ენდო, განსაკუთრებით მამაკაცებს  და უნდა ერიდო ადამიანებს, რომლებსაც ბოღმა ახრჩობს.  საბოლოოდ მაინც შემიძლია ვთქვა, რომ ყოველივე ამან გამაძლიერა, როგორც პიროვნება, ბევრი არა მაგრამ ზოგიერთი რამ,  როგორც იტყვიან ,,დავიკიდე”… ეს კარგია:).  დავიწყებ სულ  თავიდან, ახალი წელი დაიწყო კარგად პირველ საათებს ვგულისხმობ:),  თორემ ზუსტად მესამე დღეს აღმოვაჩინე, რომ თურმე  მთლად ჯანმრთელიც არ ვყოფილვარ, შემდეგ  ამ პრობლემის მოგვარება ფაქტობრივად მთელი წელი გაიწელა…სიარული ექიმებთან, ერთთან, ორთთან, სამთთან, ოთხთან…… მერე სამსახურის დამღლელი პროცედურები და ერთფეროვნება, თუმცა იყო კარგი მომენტებიც, რომელიც მახალისებდა და მართობდა , მერე მაგისტრატურის გამაწამებელ ნაშრომზე ტვინის დასხმა და თითების მომტვრევა, (თუ გამომადგება რამეში), მერე ისევ სამსახურის კონკურსები, გაუთვებელი ლოდინი როდის ჩაგსვამენ შტატში, თუმცა მოლოდინი არ გამართლდა, არადა თითქოს  ამის ყველანაირი პირობა არსებობდა, ესეც პირველი იმედგაცრუება, ნუ არაუშავს, იმედი მაინც არ დამიკარგავს,   მერე გაზაფხულდა,  ისვ წამლები მკურნალობები გაუთავებელი კონსულტაციები, მერე მოვიდა ზაფხული ჩემი დაბადების დღე, კარგი იყოო, მერე ოპერაცია, რომლის დროსაც ფასეულობათა გადაფასება მოხდა ჩემს გონებაში, ვინერვიულე და ბევრიც ვანერვიულე, მაგრამ  მადლობა ღმერთს, ყველაფერმა მარტივად და კარგად  ჩაიარა,  ისე მარტივად, რომ ახლა სრულებით კარგად ვარ. მერე ჩემი გადამეტებული ემოციურობა ყველაფრის მიმართ, რომელსაც რატომღაც ,ოპერაციის შემდგომ პერიოდს აბრალებდნენ:), მერე დამთავრდა ჯანმრთელობის პრობლემა და სამსახურიც, ეს უკანასკნელი ძალიან გულსატკენი იყო, რადგან საკმარისად მეტი შრომა ჩავდე და არ დამიფასდა, მაგრამ გადავიტანე.  დავიწყე ფიქრი დასვენებაზე.  ამ პერიოდშივე დავამთავრე მაგისტრატურა, ფრიად წარმატებით, მაგრამ უზომოდ მენანება ჩემი დახარჯული ფული.  ( დამიბრუნეთ !!!) დასვენება იმედიანად დავიწყე,  პირველივე შაბათ-კვირას სასაიმოვნო ვიკენდი მოვიწყვეთ სოფელში, სამმა გოგომ მშვენივრად გავატარეთ ორი დღე, ყველანაირად დავტვირთეთ და ბევრი ვიხალისეთ, ხო ამ პერიოდშივე მომიწია ძველი სასიყვარულო ისტორიის გახსენება, სახალისო ფლირტი,  ნაცნობი დასასრულით, მოკლედ კარგად გავერთე ..    მერე იყო პენსიონერული დასვენება სოფელში და ლუდის სმა ( წელს დავიწყე და მომეწონა კაი სამელი ყოფილა), ყველაფრისგან ისეთი დაღლილი ვიყავი ასეთმა დასვენებამ სულზე მომისწრო. 🙂 მერე ამოვიდა ყელში პენსიონერული დასვენება და გადავედი შედარებით აქტიურ ქმედებებზე,  რასაც მოჰყვა ორი ფაქტობრივად ერთნაირი და ამავედროს სხვანაირი ადამიანის დამოუკიდებელი მოგზაურობა აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ, (ამ დღეს დიდხანს ველოდით ორივე) , რომელიც დღეს კარგი მოგონებაა, თუმცა ბვერი არასასიამოვნო  და ახლა უკვე სასაცილოდ გასახსენებელი მომენტიც იყო,  რომლებსაც საკუთარი სახელებიც დაერქვა ჩვენს მეხსიერებაში 🙂 მაგალითად  ,,დაშვებული საბურავი და ვითომმხიარული სახეები”  უახლოეს ვულკანიზაციამდე:),   ,,ზღვისპირეთის მივლა-მოვლა” ,, შუაღამეს პიჟამოებით ფანჯრიდან გადაძრომის და ქუჩაში ხეტიალის მცდელობა”  🙂  🙂 ,  ,, დილის საოცარი ალაფურშეტი და ორი მშიერი ოპტიმისტი”, ,,გაქცევა შოუშენკიდან”,   “ლუდის სმა და ანალიზი  სირაქლემასთან და კიდევ ერთთან ” ,” რაფაელოს საღამო”, ახლა რომ გამახსენდა ძალიან კარგ ხასიათზე დავდექი, ეჰ მინდა ზაფხული. მერე ისევ თბილისი და თბილისური მოწყენილობა, ხო გასაუბრებები, სივების გაგზავნა გამოგზავნები, რომელიც დღემდე გრძელდება. შემოდგომამ ძალიან მხიარულად ჩაიარა, უამრავი დაბადების დღე, მხიარულება კარგ ხალხთან კარგ გარემოში, რამდენიმე ფლირტი :). მერე მოვიდა ზამთარი ცივი და ნაცრისფერი, არაფრით გამორჩეული, მაგრამ ჩამაფიქრებელი, ხო წელს  როგორც იქნა გავბედე და გავაკეთე ჩემი ბლოგი, მაინც ყოველთვის ვწერდი, და ბარემ აქ დავწერ.   ახლა ველოდები 2012-ს, თუმცა დიდი მოლოდინები არ მაქვს, ასე მირჩევნია, უბრალოდ ვისურვებ  ყველას ბედნიერებას, ფერადოვან სამყაროში გვეცხოვროს, სადაც ვიქნებით ხალისიანები, მომღიმარები, ბედნიერები………… გადავიკითხე  ჩემი ნაწერი და სასიამოვნოდ გამეღიმა , არც ისე ცუდი წელი მქონია , კაცმა რომ თქვას,  ეს უკვე კარგია:))  საბოლოოდ,  ვიტყვი, რომ როგორც ყველაზე გარეწარი ოპტიმისტი, მაინც დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი კარგად, ძალიან კარგად იქნება.

მრავალ ახალ წელს დავესწროთ წარმატებულები და ბედნიერები!!!!