გრძნობები ლიმონათის ბუშტუკებივით ჰაერში იფანტება

გქონიათ შემთხვევა, ადამიანისგან ილუზია შეგექმნათ? შემდეგ, ეს ილუზია კიდევ უფრო დიდ ილუზიად გარდაგექმნათ? შემდეგ, ეს ილუზიები საოცარ გრძნობებად გექციათ? ბოლოს კი, სულ რამდენიმე წუთში, სრულად თავზე ჩამოგემსხვრიათ? მე მქონია, აგერ, ლამის 17 წლის თავზე.

ახლა, უკვე თავზე ჩამომსხვრეულ ნაწილაკებს ვაკოწიწებ, ვცდილობ ჩემ თავს გავესაუბრო და გამოვიძიო, რამ განაპირობა ამ ილუზიების შეთხზვა? სიბრიყვემ, თუ იმის დაჯერებამ, რომ ნამდვილი სულიერი მეგობრობა არსებობს, ცხოვრების ამ ეტაპზე, დარწმუნებით მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ სიყვარული არსებობს, უსასრულოდ და უსაზღვროდ დიდი გრძნობა ნამდვილად არსებობს, ამის თქმა, რომ შემიძლია, ვბედნიერდები.ალბათ, ილუზიებიც სიყვარულის მიზეზით წარმოიშვა, მეგობრობაც არსებობს, ძლიერი კავშირები, იმედიანი და ღრმა, თუმცა ის, რაც ზემოთ ვახსენე, ორი ადამიანის მეგობრობა, რომელიც სულიერ კავშირზეა დაფუძნებული, ჩემთვის, ახლა უკვე ილუზიაა და რეალურად, ორი ადამიანის დამოკიდებულება ჰქვია, სადაც, რაღაც კუთხით , ეს ადმიანები კომფორტულად გრძნობენ თავს, ხანდახან კი, არც… ეს ურთიერთობა დროში გაიწელა და საბოლოო სახე მაშინ მიიღო, როცა წესით, არ უნდა მიეღო. თუმცა, პარადოქსები რა გასაკვირია დღეს.

მოკლედ, გამოძიებამ შორს წამიყვანა, ყველა დეტალი, ყველა სიტყვა, ქმედება, გამომეტყველება, გამოხატვის ფორმა, შეგრძნებათა გაზიარების სურვილი, რეაქციები, შეცდომები, მიტევებული ამბები, დავიწყებული წყენები, ბედნიერი წუთები, ერთად გატარებული მრავლისმთქმელი და არაფრისმთქმელი საათები, ყოველდღიური რუტინები, ცხოვრების წესები, ტვინში კომპიუტერული ცხრილებივით ჩამოიშალა, გადაანალიზდა, დალაგდა და საბოლოო დასკვნის სახით ტვინის ზედა ეშელონში ამოიბეჭდა…. დასკვნა ასეთია, სენსიტიური საკითხებისადმი, ცალსახად, ეგოისტური მიდგომა და მოვალეობის მოხდა, არადა, ყველანაირად ვეცადე კარგი ამბებით გადამეწონა, მაგრამ ისევ ილუზიის შექმნას მივადექი და შევეშვი ამ გამოძიებას, დასკვნა კი დარჩა იგივე, სენსიტიური საკითხებისადმი ეგოისტური მიდგომა და მოვალეობის მოხდა….. ჩემს ილუზიებში სხვა თვისებებით და სხვა პასუხისმგებლობით გარდაქმნილს,ალბათ, მეტიც მოვთხოვე და ამას ვნანობ, ვნანობ ჩემს გულწრფელ დამოკიდებულებასაც, ყველა იმ გულწრფელ სიტყვას ახლა, არც ვიტყოდი. ანალიზმა გრძნობები გაამძაფრა, თუმცა, ლიმონათის ბუშტუკებივით მაინც ჰაერში გაიფანტა…

მე მივდიე ამ გრძნობებს, ვეცადე, თუმცა ტვინმა , ამჯერად , თვითონ არჩია სიმარტივე და კომფორტი, დამსხვრეულ ნაწილებსაც შეეშვა და უბრალოდ, გაცლა არჩია…. გქონიათ შემთხვევა, ადამიანისგან ილუზია შეგექმნათ, შემდეგ, ეს ილუზია ძალიან გტკენიათ, მაგრამ უკან არ დაბრუნების განცდას გაუბედნიერებიხართ? დიახ, მე მქონია …

დატოვე კომენტარი