ჭია, ჭიამაია, გაფრინდები მალე

უკვე გაზაფხულდა და ზაფხულდა კიდეც, პაწია ჭიამაია ხელზე ამოცოცდა და დაიწყო სწრაფად ფუთ-ფუთი, ლამაზია, ძალიან ლამაზი, წითური და შავწინწკლა, დადის მტევანზე უგზო-უკვლოდ, უმისამართოდ, ბევრი იარა, ერთსა და იმავე ადგილს ბევრჯერ დაუბრუნდა, ვუყურებ და ვადარებ ჩემს თავს, ჩემს განცდებს, ჩემს მოქმედებებს, პატარა წინკლებიანიც არ ჩერდება, საქმიანად აგრძელებს ფუთ-ფუთს და უაზრო ხეტიალს, უეცრად, ერთ წერტილში გაჩერდა, თითქოს ჩაფიქრდა, საიდუმლო ფრთები გამოაჩინა, გაშალა და ჰაერს მიჰყვა ზემოთ…. სურათმა აღმაფრთოვანა, თვალებით ავედევნე გაოცებული, იქნებ, მეც მაქვს საიდუმლო ფრთები? ვგრძნობ, რომ მაქვს, მაგრამ ძალას ვერ ვპოულობ გამოსაჩენად, მხოლოდ ხანდახან გაიფრთხიალებს ხოლმე, ცოტა ხნით და მალევე ქრება, იმალება, არადა ბევრი ამბავია, ბევრი ინტერესი, ბევრი გზა…

კაფკა მახსენდება, ,,კაფკა პლაჟზე’’, პატარა ბიჭის თავისუფლებისკენ სწრაფვა, დამოუკიდებლობის სრულად შეგრძნება, შენი თავის შენად დაყუდნება, საკუთარ მესთან ბრძოლა, შეუპოვრობა, სიკეთის და სიყვარულის დიდებულების განცდა… ეს ის ფრთებია, ადამიანებს რომ გვაქვს, თუმცა იშვიათად ვიყენებთ…

სრულად გარდასახული ოცნებების მიღმა აღმოჩნდა სამყარო, უსაზღვრო დაღლის შეგრძნების მსგავსი…

ჭია, ჭიამაია, გაფრინდები მალე? ლამაზ წინწკლებში ჩამალული ფრთების გამოჩენის დროა, ეს ნამდვილი ფრთებია, ამ სამყაროს ფრთები, უსასრულობის გადასაფარად, მაგრამ არა! შეკვეცილი ოცნებები, ზედმეტად განცდილი სხვა ადამიანების აზრები, მოტივაციის ნაპერწკლები, ისევ ამაოება და სადღაც წერტილი… წიგნიდან წამოსული ემოციები თან მდევს, მდევნის, მაფიქრებს ,,ბოლოს და ბოლოს შენი ცხოვრებაა და ისე მოიქეცი, როგორც ჩაფიქრებული გაქვს’’ თქვა ბიჭმა სახელად ყვავი… ეს ფრაზა ლაიტმოტივი ხდება… ფაქტობრივად, ყველაფრის პასუხი.

ბოლო დროს , მეფიქრება სამყაროს დასასრულზე, ფილმის სიუჟეტებივით წარმომედგინება ხოლმე და შიშის ნაცვლად, უცნაური შეგრძნებები მაქვს, ვგრძნობ, რამდენად უაზრო გახდა ადამიანური ყოფა, ადამიანური მისწრაფებები, რისთვის ვიღწვით და რისკენ მივიჩქარით მუდამ საქმიანი სახეებით? ბედნიერებისკენ? რას ვაშენებთ? რას ვანგრევთ? ყველაფრის გააზრებით, კიდევ უფრო დიდ კედელს ვეხეთქები შუბლით და ეს კედელი გულს მიკლავს, რეალურად , არც სიკეთეა ადამიანში, არც მისკენ სწრაფვის სულისკვეთება, არც რამის გამოსწორების სურვილი, ჰოდა, აქ ოშიმა მახსენდება, უზადო, დავარცხნილ-მოწესრიგებული, ყველა საკითხზე კომპეტენტური პასუხით, თითქოს, კაფკა თამურაა წიგნის მთავარი გმირი, თუმცა მე ოშიმა ამეკვიატა, ცივი, დალაგებული, უემოციო ბრძენი, სიტყვაძუნწი, უანგარო და ორი სიტყვით ყველაფრის მთქმელი, ,,ყველაფერი მეტაფორაა, კაფკა თამურა’’ თქვა და ყველაფერი გამჟღავნდა სამყაროზე… დიახ, ყველფერი მეტაფორაა, კოდურ სიტყვასავით ჩამებეჭდა…

ყველას გვაქვს საიდუმლო და მეტაფორული ფრთები, მაგრამ დამალული, მიჩქმალული, დავიწყებული… არ დადგა ფრთების გაშლის დრო, არც ერთ საუკუნეში… იმიტომ რომ : ,,უმრავლესეობა არ ცდილობს თავისუფლების მოპოვებას… ისინი ფიქრობენ, რომ თავისუფალი არიან, ეს კი მხოლოდ ილუზიაა, ადამიანებს ურჩევნიათ არ იყვნენ თავისუფალი’’ ესეც პასუხი…მეტაფორებს მიღმა დამალული მისწრაფებები იცდიან , იცდიან უსასრულობამდე.

,,და როცა ქარიშხალი ჩადგება….’’

,,გრიგალს თავს რომ დააღწევ, ისევ ის აღარ იქნები… ‘’

დიახ, ეს არის ქარიშხლის აზრი…

და მაინც, ჭია, ჭიამაია, გაფრინდები მალე…

დატოვე კომენტარი